„თელავში ინაუგურაციის გამართვა თელაველების ნების კიდევ ერთხელ ფეხქვეშ გათელვაა“

„თელავში ინაუგურაციის გამართვა თელაველების ნების კიდევ ერთხელ ფეხქვეშ გათელვაა“

ინაუგურაციის ადგილად თელავის შერჩევას ოპოზიცია აკრიტიკებს, რადგან ამ ქალაქში ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები პირველსა და მეორე ტურში წააგო.

„ივანიშვილმა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება, რომ თელავში ინაუგურაციის გამართვით კიდევ ერთხელ ფეხქვეშ გათელოს თელაველების ნება, რომელიც მათ საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურზე გამოხატეს.

„სალომე ზურაბიშვილმა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ორივე ტურში წააგო არჩევნები არა მარტო ქალაქ თელავში, არამედ მუნიციპალიტეტის მასშტაბით. აქედან გამომდინარე თელაველები მართლა არიან სიმბოლო იმ გამბედაობის, რომელიც გამოიჩინეს არჩევნების დღეს. თუმცა, ყველამ ვიცით, რომ ეს არჩევნები არ იყო. ეს იყო სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ," - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბოტკოველმა.

თავად, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქალაქ თელავში ინაუგურაციის ჩატარების ინიციატივა მას ეკუთვნის და მიუხედავად იმისა, რომ თელავში საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, ამ ქალაქში ინაუგურაციის ჩატარება ნიშანია იმისა, რომ იგი „ყველას პრეზიდენტია."

„ჩემთვის ერთი ქალაქი განიხილებოდა მხოლოდ. რამდენიმე სცენარი იყო, მაგრამ ჩემი წინადადება იყო თელავი. ეს იმიტომ, რომ მთელი ჩემი საარჩევნო კამპანია იყო ამ თემაზე, რომ ჩვენ რეგიონები უნდა ამოვწიოთ, რათა ისინი განვითარდეს, რეგიონების გარეშე არ იქნება საქართველოს განვითარება და ვთვლი, რომ თელავი ძალიან სწორი არჩევანია.

„მეორე მიზეზი რატომაც თელავზე არჩევანი გავაკეთე არის ის, რომ თელავმა არ მომცა ხმა, ესაა ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა ამით ვაჩვენო, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი, თუნდაც იმ ადამიანების, ვინც ხმა არ მომცეს," - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კანონმდებლობის თანახმად, რომელიც პრეზიდენტის 2001 წლის ბრძანებითაა დამტკიცებული, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია დედაქალაქში უნდა გაიმართოს. ინაუგურაციის დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ილია ჭავჭავაძის საფლავი გვირგვინით უნდა შეამკოს. ამის შემდეგ კი, საქართველოს პრეზიდენტმა და თანმხლებმა პირებმა პანთეონი უნდა შემოიარონ.

ზურაბიშვილის წარმომადგენელის ლაშა ჟვანიას თქმით, ბრძანებულება 17 წლის წინანდელი და დრომოჭმულია, მისი აქტუალობა კი უკვე დაკარგულია.

„2001 წლის ბრძანებულებაში არის რამდენიმე ფრაზა, ერთი, რომ ინაუგურაცია უნდა გაიმართოს პარლამენტის შენობაში და პარლამენტი ახლა არის ქუთაისში. მეორე, იქ საუბარი არ არის საერთოდ პრემიერ-მინისტრზე, იქ საუბარია სახელმწიფო მინისტრზე და რა ვქნათ? ჩვენ რომ მივყვეთ ამ ბრძანებულებას, მაშინ უნდა ავრიოთ სახელმწიფო სისტემა. კონსტიტუციამ თავისთავად შეცვალა ეს განკარგულება. 17 წლის წინანდელი ბრძანებულება არის დრომოჭმული, მას აქტუალობა დაკარგული აქვს. ასეთ შემთხვევაში მთავრობამ უნდა მიიღოს ახალი ბრძანებულება," - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.