უკვე გადაწყვეტილია, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ თავდაცვის მინისტრი შეიცვლება და ლევან იზორიას გენერალი შავლეგო ტაბატაძე ჩაანაცვლებს, რომელი ამჟამად იმერეთის გუბერნატორია.
საგულისხმოა, რომ თუკი მოქმედი სამხედრო პირი დაინიშნება თავდაცვის მინისტრად, ეს შევარდნაძის ხელისუფლების შემდეგ პირველი შემთხვევა იქნება. ბოლო მოქმედი გენერალი თავდაცვის მინისტრად დავით თევზაძე იყო 2004 წლამდე, მას შემდეგ ამ თანამდებობას სამოქალაქო პირები იკავებდნენ.
მთავრობის კულუარებში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ტაბატაძე მინისტრის პორტფელს უახლოეს პერიოდში ჩაიბარებს. ინფორმაცია თავდაპირველად „პირველმა რადიომ“ გაავრცელა.
შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად მიმდინარე წლის აგვისტოში დაინიშნა. მანამდე კი ტაბატაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 18 წელი მსახურობდა. მას გენერლიც ჩინი აქვს. სამხედრო კარიერის განმავლობაში მან სხვადასხვა ეტაპი გაიარა. იყო I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, III ქვეითი ბრიგადის მეთაური, V ქვეითი ბრიგადის მეთაური, ბოლო პერიოდში კი გენერალურ შტაბში ჟ-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკავა.
იმერეთის გუბერნიაში გუბერნატორის თავდაცვის სამინისტროში გადასვლასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.
არაოფიციალური ინფორმაციით, იზორიას გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი არჩევნების მეორე ტურში ავღანეთის უბნების წაგებაა, თუმცა იზორიას გათავისუფლებაზე ხმები არჩევნებამდეც ვრცელდებოდა, მიზეზად კი სამინისტროში არსებული დარღვევები სახელდებოდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეირაღებული ძალებიდან ტყვია-წამლის უკანონოდ გაყიდვის ბრალდებით შეირაღებული ძალების 3 სამხედრო დააკავეს, თუმცა მინისტრის იზორიას ბრძანებით, ამბავი დამალეს.
იარაღის გაყიდვის სკანდალამდე იზორიას სახელი კიდევ ერთ სკანდალს დაუკავშირდა - საუბარია ჩხოროწყუში პოლიციის უფროსის ოჯახიდან აფხაზური აქციზის მქონე სიგარეტის არალეგალურ გაყიდვაზე. რაიონის პოლიცის უფროს ჯუმბერ იზორიაა, რომელიც თავდაცვის მინისტრის ნათესავია.
ოპოზიციის ინფორმაციით იზორიას ნათესავებს და ახლობლებს რაიონში ბიზნესის კონტროლი ბრალდება.
ასევე საუბარია, რომ იზორიას თანამდებობიდან გაშვების კიდევ ერთი მიზეზი აუდიტის დასკვნა იქნება, რომლის მიხედვითაც სამინისტროში ფინანსური დარღვევებია. საუბარია ტენდერებზე და შესაძლო თაღლითურ საქმეებზეც, რომლითაც პროკურატურა უკვე დაინტერესდა.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, თაღლითურმა სქემამ, რომელიც თავდაცვის სამინისტროში წლების განმავლობაში მოქმედებდა, სახელმწიფო ბიუჯეტი 200 ათასი ლარით დააზარალა. სამინისტროს საფინანსო სამსახური ფულს ყოფილი თანამშრომლების სახელფასო ანგარიშებზე რიცხავდა, თუმცა სად მიდიოდა ათი ათასობით ლარი ეს ამ ეტაპზე უცნობია. თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება დასრულდა და 5 ადამიანი მისცეს პასუხისგებაში, თუმცა ხუთიდან, მხოლოდ ერთია დაკავებული.
ლევან იზორიას მინისტრების პერიოდში 62%-ით გაიზარდა წარმომადგენლობით ხარჯები ანუ ფული, რომელსაც მინისტრი წვეულებებისთვის და სხვადასხვა ღონისძიებისთვის ხარჯავს. სახელმწიფო აუდიტი კიდევ ერთ სავარაუდო დანაშაულის შესახებ მიუთითებს. საუბარია, წარმომადგენლობითი ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვასა და შესაძლო კორუფციაზე.
2015 წლის მთავრობის განკარგულების მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციებს გასაწევ ხარჯებზე შეზღუდვები დაუწესდათ, 20%-ით უნდა შემცირებულიყო წარმომადგენლობით ხარჯები. თუმცა თავდაცვის სამინისტროში პირიქით მოხდა. 2017 წელს წინა წლებთან ორჯერ მეტად გაიზარდა ხარჯები.