ე.წ. ინაუგურაციის ჩაშლას არავინ აპირებდა, სადაც უნდათ იქ ჩაატარონ ეს შოუ - ამ განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის თელავში ჩატარების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„არაფერი პრობლემა არ გვაქვს. თუ უნდათ ჩაატარონ თბილისში, თუ უნდათ ზუგდიდში, სადაც უნდათ იქ ჩაატარონ. არავინ აპირებდა მათი ე.წ. ინაუგურაციის ჩაშლას. არ შეიძლება როდესაც ქვეყანას არ ჰყავს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, ჩაატარო ინაუგურაცია. ამიტომ, ეს შოუ სადაც უნდა იქ ჩაატარონ", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
დღეს სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში, ბატონის სასახლეში გაიმართება. ჯერჯერობით დეტალები უცნობია. ცნობილია რომ ინაუგურაციის მოსამზადებლად პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი სპეციალური ჯგუფი იმუშავებს, რომელიც მთავრობის სხდომაზე დაკომპლექტდება.