გრიგოლ ვაშაძემ ამ პროცესს უნდა დაუსვას წერტილი – ან ძალიან მკაფიო შავი წერტილი, ან ფერმკრთალი წერილი - ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ოპოზიციის ულტიმატუმს და მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ.
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე, გამოვლენილ დარღვევებსა და შესაძლო გაყალბებაზე ოქრუაშვილი, ტვ "პირველის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა.
“ძალიან მკაფიო შავი წერტილი ჩემი აზრით არის ორი რამ: ან ხელისუფლებას, უკეთეს შემთხვევაში, ვათმობინებთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და გრიგოლ ვაშაძემ ეს უნდა შეძლოს რამენაირად, ხალხის მხარდაჭერით, ან, უარეს შემთხვევაში, ვერ მოხდება სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება. ფერმკრთალი წერტილი არის ერთი რამე, ივანიშვილს ხახვივით შერჩება სალომე ზურაბიშვილის კარტოფილით გაპრეზიდენტება. დავუბრუნდეთ ისევ ორივე ვარიანტს მძიმე წერტილისა, ძალიან ბევრი ხელისუფლება შემჯდარა ვირზე ამ ქვეყანაში, გაჯიუტებულა, არ ჩამოსულა ვირიდან და ძალიან ცუდად დაუმთავრებია. ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს თუ არ აღმოაჩნდება კეთილგონიერება და გარკვეული ხასიათის დათმობებზე არ წავა, მან შეაგდო სასწორზე – ან ყველაფერი, ან არაფერი, ძალიან ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი. მაშინ, ადრე თუ გვიან, ზამბარასავით, რომელსაც ზემოდან თუ დააწვები, ქვემოდანაც მატულობს წინააღმდეგობის ძალა, მისთვის ძალიან ცუდად გასკდება ეს ყველაფერი. მეორე, სალომე ზურაბიშვილისთვის გაპრეზიდენტებაში ხელის შეშლა, ეს არის მათი გადასაწყვეტი, თუ ექნებათ ამაზე სცენარი, პირდაპირ ვთქვათ, არ მაქვს არაფერი საკეკლუცო და სათაკილო, რომ სიტყვა რევოლუცია ვიხმარო“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.