"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. ის პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი და კულტურის მინისტრი გახლდათ. ნიკა რურუა 50 წლის იყო. მას ხვალ დაკრძალავენ.
პოლიტიკოსის გარდაცვალებას ფეისბუქზე ახლობლები, თანამებრძოლები და მეგობრები ეხმაურებიან:
გიორგი ვაშაძე, პოლიტიკოსი : "ღირსეული ქართველი და დიდი თანამებრძოლი დავკარგეთ. უმძიმესია გააზრებაც კი!"
დავით საყვარელიძე, პოლიტიკოსი: "მაგარი ძმა დავკარგეთ. სიტყვები ზედმეტია. ყოველთვის იცოდა, სად იყო სწორი გზა. ძალიან მტკივა გული. დაგვაკლდები ძმობილო"
ნანუკა ჟორჟოლიანი, ჟურნალისტი:"ვსქროლავ ფბ-ს და ვფიქრობ. არ შეიძლება სიკვდილამდე ვუთხრათ ეს ყველაფერი ერთმანეთს?! მინიმუმ, არ გვძულდეს ერთმანეთი სანამ ცოცხლები ვართ".
ირაკლი ღლონტი, პოლიტიკოსი: "ვწუხვარ ნიკა! ძალიან ვწუხვარ! გავიცანი 2-3 წლის წინ, პირველი შეხვედრიდან მოყოლებული მან დაიმსახურა ჩემი პატივისცემა. ის იყო პრაქტიკულად ერთადერთი პოლიტიკოსი ნაციონალურ მოძრაობაში, რომელთანაც ოპოზიციური პარტიების გაერთიანების სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფორმატში მე მიწევდა აქტიური კომუნიკაცია, სადაც ყველთვის შემეძლო მქონოდა სიღრმისეული კონსულტაცია, მსჯელობა და პროცესების ზუსტი ანალიზი. ადვილი და საინტერესო იყო მასთან ურთიერთობა, რადგან მას ჰქონდა ურთიერთობის განსაკუთრებული უნარი და მაღალი ინტელექტი, მას ჰქონდა უნარი ემსჯელა ახალგაზრდა კოლეგასთან ისე, თითქოს პირველად ესმოდა ის, რასაც ისმენდა და ვერასდროს ვერ იგრძნობდი მისგან, რომ ის დიდი ავიაციიდან იყო, ის იყო ძალიან საინტერესო, პრაქტიკული და განსხვავებული კოლეგა!სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს".