ვახტანგ მაისაია: დაკავებული შვიდი უკრაინელი „სემენჩენკას“ გასამხედროებული დაჯგუფების წევრები არიან

ვახტანგ მაისაია: დაკავებული შვიდი უკრაინელი „სემენჩენკას“ გასამხედროებული დაჯგუფების წევრები არიან

ლიხაურის ქუჩაზე არსებულ სასტუმრო „ალიანსში“ ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის დროსაც უკრაინის შვიდი მოქალაქე დააკავეს, ექსპერტი ვახტანგ მაისაია სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„როგორც ხდება ცნობილი, სავარაუდოდ, აღნიშნული შვიდი უკრაინელი „სემენჩენკას“ გასამხედროებული დაჯგუფების წევრები და მისი ერთ-ერთი დაცვითი ფირმის მებრძოლები არიან. ნამდვილი სახელია კონსტანტინე გრიშინი, რომელიც იყო მოხალისე ბატალიონ „დონბასის“ პირველი მეთაური. ის არის ყალთაბანდი და ავანტიურისტი, რომელიც შემჩნეული იყო ბატალიონის თანხების მითვისებაში და გაგდებული არმიიდან. ახლა არის უმაღლესი რადას წევრი და მიხეილ სააკაშვილის მომხრე. არ არის გამორიცხული მისი კავშირები დონბასის იქითა მხარეს მებრძოლ რუს სეპარატისტებთან!“ - წერს მაისაია.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „ალიანსში“ ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ განცხადება შსს-მ უკვე გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მათ მიერ  დაკავებულია უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე.

„ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ ჩაატარა. დაკავებული არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ. სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას, ამოღებულია „ბერეტას“ და „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა. ამ ეტაპზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.