რუსი სამხედროებისათვის ბინების გადაცემამ აფხაზეთში აღშფოთება გამოიწვია

რუსი სამხედროებისათვის ბინების გადაცემამ აფხაზეთში აღშფოთება გამოიწვია

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაში მდებარე რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაზე მოსამსახურე 60-მდე რუსი სამხედროს ოჯახებს საცხოვრებელი ბინები გადაეცათ. როგორც რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის, სამხრეთ სამხედრო ოლქის გენერალ-მაიორი ვლადისლავ ერშოვმა ბინების გადაცემის საზეიმო ცერემონიალზე განაცხადა, საცხოვრებელი კორპუსები აშენებულია ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის მასალით. ბინები კი აღჭურვილია საჭირო ტექნიკითა და ავეჯით.

ბაზის ტერიტორიაზე ასევე აშენდა საბვშვო სპორტული მოედანი. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება ახალი კორპუსების აშენება, სადაც რუსი სამხედროები ოჯახებთან ერთად იცხოვრებენ.

ცნობისთვის, ეს კორპუსები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე რუსული ბაზის დაქვემდებარებაში შედის, რომელიც 2009 წელს აშენდა რუსებსა და სეპარატისტულ ხელისუფლებას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად. დღეის მონაცემებით საუწყებო ბინებით სულ დაკმაყოფილებულია 4 ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურე.

ამ ფაქტმა აფხაზეთის მოსახლოების გარკვეული ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, რომლებიც სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ეს არის უმსგავსობა და უპასუხისგებლობა და თუ ასე გაგრძელდა, მალე „დამოუკიდებლად პრეზიენტსაც ვეღარ ავირჩევოთ". ერთერთი ადგილობრივი მოქალაქე კი წერს, რომ როდესაც იგი ამ ბაზაზე მუშაობდა, რუსი ოფიცრები ბაზასთან ახლოს მდებარე მიწებსაც მასიურად ყიდულობდნენ კერძოდ მესაკუთრეებისაგან.

აფხაზეთის ლეგიტიმური უმაღლესი საბჭოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა კომისისი თავმჯდომარის ანზონ წოწონავას თქმით, ეს არის „რეალიზება" იმ ხელშეკრულების, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან გაფორმა.

„დღეს 4 ათასს კი არა, უფრო მეტ სამხედრო მოსამსახურეს დაურიგეს საუწყეო ბინები. რუსეთი აფხაზეთში კონფლიქტს კი არ აგვარებს, ამ რეგიონის მილიტარიზაციას ეწევა. თუ ასე გაგრძელდა, აფხაზეთის მოქალაქეებს აღარაფრის უფლება აღარ ექნებათ, ყველაფერს რუს სამხედროებს აძლევენ, რომლებიც არსად წამსვლელები არ არიან. პენსიაზე რომ გავლენ, არა მხოლოდ ბინები, აფხაზეთის მიწებიც მათი საკუთრება გახდება.

„დღეს აფხაზეთის მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაშია, შიმშილობს და მხოლოდ ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვის, მას პროტესტის გამოთქმის თავიც აღარ აქვს", - განაცხადა „რეზონანსთან" ანზორ წოწონავამ.