თბილისის მერის განცხადებას, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი "ფეისბუქით" ეხმაურება. ნიკა გვარამია ამბობს, რომ კალაძემ დღესაც კიდევ ერთხელ წაახალისა ძალადობა და ის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს:
"დღევანდელი განცხადებით, დედაქალაქის მერმა კალაძემ კიდევ ერთხელ წაახალისა ძალადობა. მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას:
საქართველოში განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მიმართ მიმდინარეობს ხელისუფლების მიერ წახალისებული დევნა.
აღნიშნული ხორციელდება დაფარულად და ღიად, როგორც თბილისის მერის შემთხვევაში, რომელმაც გუშინ არათუ წაახალისა, არამედ ღიად მოუწოდა ძალადობისკენ, ხოლო დღევანდელი განცხადებით კვლავ წაახალისა ძალადობა.
ქვეყანაში, სადაც ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და მედია არაერთგზის გამხდარა ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი, რაც არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა ხელისუფლების მხრიდან ადეკვატურად შეფასებული არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად, აღნიშნული წამქეზებლური მოწოდებები იძენს განსაკუთრებით სახიფათო ტენდენციის სახეს.
მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა შეწყდეს ხელისუფლების მიერ ორკესტრირებული ძალადობის კამპანია", - ნათქვამია გვარამიას განცხადებაში.
რას მელაპარაკებით, კაი კაცო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვგმობ ძალადობას - ასე პასუხობს თბილისი მერი ჟურნალისტების კითხვას.