16 დეკემბერს დანიშნული საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ადგილი ჯერ კიდევ უცნობია. არც ისაა გარკვეული, ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი თუ რომელ ქალაქში გაიმართება.
პარალელურად, იმავე დღეს, 16 დეკემბერს გაერიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაში" აქციის ჩატარებას გაგმავს. ექსპერტთა გარკვეული ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ოპოზიცია, რომელიც სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ აღიარებს, შეეცდება ინაუგურაციის პროცესი დაჩრდილოს, ხელი შეუშალოს, ან სულაც ჩაშალოს.
მსახიობი და მწერალი გივი სიხარულიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პირველი პრეზიდენტი ქალის ინაუგურაცია ღირსეულად უნდა ჩატარდეს და „ოპოზიციის ეს ფაფხური სულელურია".
„მე ძალიან მიყვარს მებრძოლი ხალხი, მაგრამ ოპოზიციის საქციელი - ინაგურაციას არ ჩავატარებინებ, ამას ვიზამ, იმას ვიზამ - ძალიან წააგავს წასულ მატარებულს უკან რომ გამოეკიდები. თუ რამის შნო ჰქონდათ და შეეძლოთ, არ უნდა აერჩევინებინათ, მაგრამ ახლა სულ ტყუილი ფაფხურია, სისულელელა.
„რაც შეეხება სად ჩატარდება ინუგურაცია, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. სადაც გინდა იქ ჩაატარონ - გინდა თბილისში, გინდა ფოთში, გინდა სოხუმში, ამით ტრადიცია არ დაირღვევა. მთავარია იყოს ნაღდი, გულწრფელი და არა რაღაც დადგმული სპექტაკლი.
„მე დიდ პატივს ვცემ ახალად არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. ის პირველი პრეზიდენტი ქალია არა მხოლოდ საქართველოს ისტორიაში, არამედ მთელს კავკასიაში, ხალხის არჩეული და ინაუგურაციაც ღირსეულად უნდა ჩატარდეს. მასაც, როგორც ქალს, ღირსეული პატივი უნდა სცენ", - განაცხადა „რეზონანსთან" გივი სიხარულიძემ.