პარლამენტში შესული 2019 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, საქართველოს ახალი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უქმდება, რადგან მასში ამ დროისთვის ნული ლარია გაწერილი.
2019 წლის ბიუჯეტით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 3 მილიონ 800 ათასი ლარით მცირდება, რაც არსებული ბიუჯეტის დაახლოებით 40 %-ია. ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიხედვით, ადმინისტრაციის დაფინანსება სულ 6 მლნ ლარი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება არ იცვლებოდა და ის 2018 წლის მსგავსად, 2019 წელსაც 9 800 000 ლარით იყო განსაზღვრული, ხოლო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა 5 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. 5 მილიონს შეადგენს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 2018 წელსაც.
შეგახსენებთ, რომ ცვლილებები ბიუჯეტის პროექტში არჩევნებიდან ორ დღეში 30 ნოემბერს აისახა, როდესაც პარლამენტში დოკუმენტის მესამედ გადამუშავებული ვარიანტი შევიდა.