„რაიმე პროვოკაციული და ძალისმიერი ქმედებები იქნება. ამას გამოიწვევს ის, რომ ოპოზიცია ყველანაირად შეეცდება ეს ინაუგურაციის პროცესი რაღაცნაირად დაჩრდილოს, ხელი შეუშალოს, ჩაშალოს. როგორც ჩანს, არის ერთი ჯგუფი, რომელიც მოტივირებული და წამსვლელია რადიკალურ ქმდებებზე. იქ პროცესებს ჯერ კიდევ სააკაშვილი მართავს და ოპოზიცია განცხადებებით რაღაცნაირად უხერხულად ცდილობს სააკაშვილს გაემიჯნოს, ეს მათი მხრიდან მთლად დამაჯერებელი არ არის," - აცხადებს ანალიტიკოსები ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას.
ზაალ ანჯაფარიძე: არ გამოვრიცხავ იმას, რომ ინაუგურაციის თარიღი გადატანილ იქნეს და არ ჩატარდეს თბილისში, პარლამენტის ეზოში. ეს გამომდინარე იქიდან, თუ როგორი იქნება სიტუაცია. ბუნებრივია, რომ 16 დეკემბრამდე დარჩენილ დღეებში ხელისუფლებაც ჩამოყალიბდება იმაზე, თუ რა ტაქტიკა აირჩიოს და მათ შორის, სად ჩაატაროს ინაუგურაცია. რამდენიმე ვარიანტი განიხილება ინაუგურაციის ადგილისთვის. ეს იმას ნიშნავს, ხელისუფლება ფიქრობს, რომ შესაძლოა მას მოუწიოს ტრადიციული ადგილის შეცვლა.
„რეზონანსი": შესაძლოა თუ არა ვიფიქროთ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ეს თარიღი, 16 დეკემბერს, ინაუგურაციის დღეს განგებ დაამთხვია?
ზ.ა: სწორედ იმიტომ არის დასახელებული 16 დეკემბერი მათი ულტიმატუმის ბოლო ვადა, სურთ, რომ ინაუგურაციას რამენაირად ხელი შეუშალონ. ეს იცის ხელისუფლებამ და ცდილობს ეს რამენაირად თავიდან აიცილოს. ინაუგურაცია ჩაატარონ სხვა ადგილას, რომ ოპოზიცია პირდაპირ შეხებასთან არ მოვიდეს.
„რ": თქვენ პირადად 16 დეკემბერს რას ელოდებით?
ზ.ა: გააჩნია 16 დეკემბრამდე რა ტიპის მოვლენებს ექნება ადგილი. პირველი ეს არის, ოპოზიცია ნამდვილად მოახერხებს თუ არა კრიტიკული რაოდენობის მომხრეებთა შეკრებასა და ორგანიზებას, რომ აქციაზე დამსწრეთა რაოდენობა გაიზარდოს. ამით კი აჩვენოს, რომ აქციას აქვს წარმომადგენლობითი ხასიათი, რითაც 2 დეკემბრის აქცია დიდად ვერ გამოირჩეოდა.
მეორე ფაქტორი ის არის, გაერთიანებული ოპოზიციის მომხრეები თუ რამდენად იქნებიან მზად რადიკალური ქმედებებისკენ. ხალხი შესაძლოა მათ მხადასაჭერად მივიდეს, მაგრამ არის თუ არა მზად რადიკალურ ქმედებაზე, რევოლუციაზე, ეს ჩვენ არ ვიცით. ასეთი განწყობები და ასეთი შეკვეთები მათი მხარდამჭერებიდან არ უნდა მოდიოდეს.
გამომდინარე იქიდან, რომ მათი ფაქტობრივი ლიდერი მაინც მიხეილ სააკაშვილია, დიდი ალბათობით ეს ყველაფერი მისი ფინანსებითა და რესურსებით ხორციელდება, ის შეეცდება ტემპერატურა ბოლომდე აწიოს და ხელისუფლებას გარკვეული დისკომფორტი შეუქმნას.