ზურაბიშვილს მოსკოვიდან უპასუხეს: „იგი ტყუილად ფიქრობს, რომ რუსეთთან თანამშრომლობის დროს თბილისი განსაზღვრავს“

ზურაბიშვილს მოსკოვიდან უპასუხეს: „იგი ტყუილად ფიქრობს, რომ რუსეთთან თანამშრომლობის დროს თბილისი განსაზღვრავს“

„რუსეთთან დიალოგს აზრი არ აქვს, სანამ ის არ აღიარებს, რომ ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონი", - განაცხადა საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, რუსეთი არის ოკუპანტი, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე ზედმეტად არის წარმოდგენილი და ამ შემთხვევაში მან არ იცის, რა უნდა იყოს საქართველოს შემდგომი ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობაში.

სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა რუსი დეპუტატი, რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი პუშკოვი. იგი თავის „ტვიტერზე" წერს, რომ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც მიიჩნევს, რომ მოსკოვთან თანამშრომლობის დრო ჯერ არ დამდგარა, ტყუილად ჰგონია, რომ ამ თანამშრომლობის დღის წესრიგს თბილისი განსაზღვრავს.

„საქართველოს ახალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მოსკოვთან თანამშრომლობის დრო ჯერ არ დამდგარა, ტყუილად ფიქრობს, რომ ამ თანამშრომლობის დროს თბილისი განსაზღვრავს. რუსეთი ურთიერთობის ახალ სისტემას ამყარებს მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან და არ მგონია, რომ საქართველო ასეთი ხელმძღვანელის პირობებში მისთვის პრიორიტეტი გახდეს", - წერს ალექსი პუშკოვი.

პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძის აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო-რუსეთს შორის რაღაც დონეზე დიალოგი მაინც მიმდინარეობს, ამ შემთხვევაში არც სალომე ზურაბიშვილის და არც რუსი დეპატატის განცხადებებს მნიშვნელობა არ აქვს.

„სალომე ზურაბიშვილის განცხადება გამომდინარეობს იქიდან, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მუდამ გაისმოდა ბრალდებები მისი რუსეთთან კავშირის თაობაზე. ახლა იგი ცდილობს, თავი შორს დაიჭიროს რუსეთისგან. რუსეთი კი მუდამ აქცენტს სვამს იმაზე, რომ ორი ქვეყნის სამომავალო ურთიერთობაში საქართველომ პირველმა უნდა გადადგას ნაბიჯი.

„ასე რომ, ორივე განცხადებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან რაღაც დონეზე რუსეთთან დიალოგი მაინც მიმდინარეობს. პუშკოვის განცხადებიდან მხოლოდ ის ჩანს, რომ რუსეთს არსად ეჩქარება და საქართველომ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი. ამიტომ ჩვენც უნდა დავანახოთ, რომ არც ჩვენ გვეჩქარება", - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.