არჩევნები დამთავრდა, თუმცა დაძაბულობა საზოგადოებაში არ ცხრება, პირიქით, იზრდება პირადი დაპირისპირებისა თუ აგრესიის ფაქტები. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, საზოგადოებაში ამ აგრესიული მუხტის შენარჩუნებას შეიძლება მოჰყვეს შიდა არეულობა, რაც მძიმედ აისახება ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებსა და ეკონომიკაზე, განსაკუთრებით ინვესტიციებზე.
„ის, რომ საზოგადოებაში, წინასაარჩევნო პერიოდიდან მოყოლებული, შენარჩუნებულია დაძაბულობა და აგრესია, ქვეყნის მომავლისთვის კარგი არ იქნება; უარესი სცენარიც რომ ავიღოთ, რისიც მე ნაკლებად მჯერა, რასაკვირველია, ეს, პირველ რიგში, აისახება დემოკრატიულ პროცესებსა და ეკონომიკაზე; შეჩერდება ინვესტიციები, რადგან ბიზნესმენი არეულ ქვეყანაში ფულს არ ჩადებს" - ამბობს რამაზ საყარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას.
მისი აზრით, სახელმწიფო კანონის ფარგლებში მკაცრი ზომების გატარებასაც არ უნდა მოერიდოს.
„ოპოზიცია კი ამბობს, არ გვინდა დესტაბილიზაციაო და ემიჯნებიან თავიანთ ლიდერ სააკაშვილს, რომელიც არეულობისკენ მოუწოდებს, მაგრამ მე მგონი, თვითონაც მიხვდნენ, რომ არეულობა ხალხს არ უნდა და ამ ტალღას აჰყვნენ.
„რაც შეეხება ბოლო დღეების გაწევ-გამოწევას, „ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან ბევრი ჰყავს გადამტერებული. 2012 წლის შემდეგ რესტორანშიც ვერ შედიოდნენ, შეზარხოშებული ადამიანები, ვისაც კი გაახსენდებოდა მათ მიერ ჩადენილი დანაშაული, ჩხუბს უწყობდნენ.
„ნაცმოძრაობას" ყოველთვის იცავდა და დღესაც იცავს „ოცნება", მაგრამ ეს სიკეთე „ოცნებას" არ დაუფასეს. ხალხიც გაბრაზებულია, რომ დათმობის სტარტეგიამ ვერ გაამართლა, მეტიც, დასჯის მაგივრად დანაშაულის ჩამდენები დააწინაურეს. ამიტომაც გაიელვა სოციალურ ქსელებში ფრაზებმა, „თუ „ნაციონალები" გამოვლენ, ჩვენც გამოვალთო".
„ჩემი აზრით, შიდა დაძაბულობა რომ არ გაიზარდოს, არ გადავიდეს სამოქალაქო დაპირისპირებაში, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რასაც კარნახობს კანონი და დესტაბილიზაციის იდეა ვისაც გაუჩნდება, იმან უნდა იცოდეს, რომ ნამდვილად მკაცრად შესრულდება კანონი და თავის დაძვრენა შეუძლებელი იქნება", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.