"ხალხი ელოდება, როდის დასრულდება კოჰაბიტაცია" - ოქიტაშვილი ივანიშვილს მიმართავს

კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს და სახელისუფლებო სტრუქტურებში ჩანერგილი "ნაციონალების" შესახებ საუბრობს. ოქიტაშვილის თქმით ხალხი კოჰაბიტაციის დასრულება ელოდება, მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიწყებს ქვეყანა წინსვლას.

"ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს! სადაა 700 000 ადამიანი? სადაა აუარებელი ამომრჩეველი, რომელიც "ნაციონალებით" დაკომპლექტებულმა საარჩევნო კომისიებმა დაუწერეს ამათ? სად არის "მთელი საქართველო" რომ გაჰყვირიან მთელი არჩევნების შემდგომი პერიოდი?

ბატონო ბიძინა!

1. 700 000 ეს ციფრი საარჩევნო კომისიებში მომჯდარმა "ოცნების", უმრავლეს შემთხვევაში "ნაციონალმა" წარმომადგენლებმა შექმნეს!

(ყველაზე არ ვსაუბრობ ვინც თავისი პრაქტიკულად სიცოცხლის ფასად იცავდა ნაციონალების წინააღმდეგ მიცემულ ხმებს!)

2. ეს ციფრი ვაჟბატონმა ვაშაძემ და "ნაციონალურმა" ხროვამ შექმნა ადრე დაბეჭდილი ყალბი პირადობის მოწმობებით და მათივე შექმნილი სიებით, რომლითაც დღემდე ხდება ხმის მიცემა!

და მესამე და ყველაზე მთავარი!

შეიხედეთ სახელმწიფო სტრუქტურებში, ვინ უზის ახლა ტელევიზორებს და ფრჩხილების კვნეტით შესციინებს ამ აქციას?

ჩანერგილი "ნაციონალები"! სახელმწიფო სტრუქტურებში, თანამდებობებზე მომჯდარი ჯალათები, რომლებიც დღეს ვერ გავიდოდნენ აქიაზე,რომ ლუსტრაცია არ მომხდარიყო!

სწორედ მათ და საარჩევნო კომისიებმა შექმნეს 700 000 ნაციონალებისთვის მიცემული ხმა!

ესაა სიმართლე!

გატყუებენ რომ არაა საკმარისი კადრები ქვეყანაში!

ტყუილია, რომ პროფესიონალების ნაკლებობაა სხვადასხვა სფეროში!

ათასობით პროგრესული, თავისი საქმის პროფესიონალი უმუშევარად ზის სახლში! ის ხალხი რომელმაც 9 წელი იომა "ნაციონალური" რეჟიმის დროს და არ მოუთხოვია თანამდებობები 2012 წლის შემდეგ, ის ხალხი, რომელმაც გარეწარი ჩანერგილების მიერ გაყიდული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოიგო თქვენთან ერთად და ელოდება რომ დასრულდება კოჰაბიტაცია და ქვეყანა დაიწყებს წინსვლას!

ის ხალხი ვისაც უყვარს ეს ქვეყანა!"- წერს დავით ოქიტაშვილი.