ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სესხების ჩამოწერის პროექტის პროცესი დაპირებისამებრ, 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება. მისი თქმით, ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები სიების ფორმირების მიმართულებით.
"ამასთან, სესხების პატიების პროექტში დამატებით 10-მდე სესხის გამცემი ორგანიზაცია ჩაერთო, რომლებსაც საწყის ეტაპზე თანამშრომლობის სურვილი არ ჰქონდათ. ამ ეტაპზე, მათი მხრიდან ჩამოსაწერი სესხების მონაცემების მოწოდება მიმდინარეობს. ყველა ჩამოსაწერ სესხზე ინფორმაცია ასახული იქნება ერთიან ბაზაში, რომელიც უახლოეს პერიოდში განთავსდება სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ვებგვერდზე",- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, გადაამოწმოს საკუთარი თავი აღნიშნულ ბაზაში. ასევე, მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ მიმართონ იმ საფინანსო ორგანიზაციებს, ვისი ვალიც მათ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ ვებ-გვერდს, რომელშიც პროექტის მონაწილე გადახდისუუნარო მსესხებლების სია უნდა განთავსდეს, მუშაობა 3 დეკემებრს უნდა დაეწყო, თუმცა როგორც "ქართუ ფონდში“ აცხადებენ, სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებისგან კონკრეტული მევალეების სია ჯერ არ მიუღიათ, რის გამოც პლატფორმის შექმნა ჯერ ვერ ხერხდება.