თავიდანვე ვიცოდი, რომ მართალი ვარ ცამდე და ეს დაადასტურა სასამართლომ. ეს ვიცოდი არა მარტო მე, მთელმა საქართველომ იცოდა, – ასე გამოეხმაურა რეჟისორი გოგა ხაინდრავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას.
“ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ შეაფასებს ამას ყველაფერს საზოგადოება, რას წარმოადგენს გიგაური. მხოლოდ იმისთვის ვიყავი ამ სასამართლოში. 3 წლის განმავლობაში დავდიოდი, რომ მეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რას სჩადიოდნენ ისინი და რას სჩადიან დღეს”, – აცხადებს ხაინდრავა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორის, ეკა გიგაურის მიერ რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ეკა გიგაურმა რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა.
საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს. მოპასუხეებმა ეკა გიგაური დაადანაშაულეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლის წახალისებაში.