სალომე ზურაბიშვილის არჩევა საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა – ნიკოლ ფაშინიანი

სალომე ზურაბიშვილის არჩევა საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლ ფაშინიანი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს.

როგორც სომხური სააგენტო News.am-ი წერს, ნიკოლ ფაშინიანმა სალომე ზურაბიშვილს მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა. ამასთან, ფაშინიანი აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრასა და თანამშრომლობას ელოდება.

„მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა მოძმე საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევასთან დაკავშირებით. თქვენი არჩევა საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა და გულით გისურვებთ, რომ თქვენი მმართველობა საქართველოს ისტორიაში ხანგრძლივი აღმასვლითა და კეთილდღეობით აღინიშნოს.

დარწმუნებული ვარ ასევე იმაში, რომ საუკუნეების განმავლობაში კეთილგანწყობასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის საერთო ძალისხმევით გაძლიერებას გააგრძელებს ურთიერთნდობისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ჩვენ გავაფართოვებთ ორმხრივ დღის წესრიგს ახალი შინაარსიანი პროგრამებით და სომხეთისა და საქართველოს პროგრესისთვის ერების მეგობრობის მთელ პოტენციალს გამოვიყენებთ”, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.