"ოცნებამ" ორივე ჯოკერი დახარჯა, აწი "მაღაზიიდან" ნისიაზე ვერაფერს გამოიტანს - დოლიძე

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება შეაფასა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები გამარჯვებად არ უნდა ჩაითვალოს. დოლიძე ასევე არ მიიჩნევს, რომ ეს იყო „ოცნების კანდიდატის გამარჯვება“.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობას ესაუბროს რამდენი ქარხანა გაიხსნა, რამდენი ადამიანი დასაქმდა, რამდენი აეროპორტი აშენდა და ასე შემდეგ, ამის ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას იგივე ტიპის არჩევნები შესთავაზა, რაც 2012 წელს.

„ჩვენ ისევ 2012 წლის სერიაში მოვხვდით. ამ არჩევნებზეც გაამართლა ამ სტრატეგიამ, რადგან „ქართულ ოცნებას“ რეალურად სხვა კოზირი არ ჰქონდა. რეალურად ის ორი ჯოკერი, რომელიც მათ ხელში ჰქონდათ, დღეს დახარჯულია. დღეს თუ კიდევ მოინდომებს „ქართული ოცნება“ მეზობლის მაღაზიაში ჩასვლას და ნისიაზე რაღაცის გამოტანას, ქართველი ხალხი მას პასუხს მოსთხოვს. თუ ჰგონია „ქართულ ოცნებას“, რომ 2012 წლის ციხის კადრებს ჩაგვირთავს, ისევ შეგვეშინდება და გავარდებით არჩევნებზე – ეს მათ გუშინ უკვე გააკეთეს, ამ კოზირმა უკვე იმუშავა. რატომ? რადგან მხოლოდ ორი ძალა იყო. მენიუში მხოლოდ ორი კერძი იყო“, – განაცხადა დოლიძემ.