2016 წლის არჩევნების შემდეგ, სააკაშვილი მანდატებზე უარის თქმას და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის დაწყებას ითხოვდა, - წერს სოციალურ ქსელში "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი.
"მაშინ მას, პარტიის ლიდერშიფმა წინააღმდეგობა გაუწია. ამას მოყვა ენმ-ის დაშლა. შემდეგი ორი წელი სააკაშვილისგან, მის მიერ კონტროლირებადი მედიისგან და სპიკერებისგან გვესმოდა, რომ ჩვენ მოღალატეები ვართ, ბიძინასთან გავრიგდით, მისი ჯიბის ოპოზიცია ვართ. (დღეს, თავმოყვარე ხალხი ენმ-იდან დიდ ბოდიშს უნდა უხდიდეს საჯაროდ გიგა ბოკერიას, დათო ბაქრაძეს, გიგი უგულავას, კაკო ბობოხიძეს და სხვებს, მაგრამ საკუთარ თავმოყვარეობაზე თავად იდარდონ - ბუნებრივია მათთვის არ მოქცეულა ასე ევროპული საქართველო, საქმის და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მიიღეს ენმ-ის კანდიდატის მხარდაჭერის გადაწყვეტილება). ჩაიარა 2018 წლის არჩევნებმა და სააკაშვილი კვლავ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას ითხოვს. მისი კანდიდატი და მისი პარტიის რამდენიმე ლიდერი საკაშვილის მოთხოვნას გაემიჯნა. ვნახოთ, გამოცხადდებიან თუ არა გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია, სალომე სამადაშვილი და სხვები მოღალატეებად სააკაშვილის და მის მიერ კონტროლირებადი მედიის მიერ", - წერს ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენეთ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართა. 59,52 %-ით (1 147 627 ხმა) "ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 40,48% მოაგროვა, ამ უკანასკნელს მეორე ტურში მხარდაჭერა პარტია ‘’ევროპულმა საქართველომ’’ გამოუცხადა.