პოპ–პორტრეტები: დევიდ ქოვერდეილი - როკ ვოკალ Stormbringer…

პოპ–პორტრეტები: დევიდ ქოვერდეილი - როკ ვოკალ Stormbringer…

 

ჯონ ლორდის გარდაცვალებამ უამრავი ადამიანი დაამწუხრა და ჩვენი ყურადღება იმ პროვნებებისკენ მიმართა, ვინც ახლოს იყო ამ დიდ მუსიკოსთან, როგორც ზოგადად მუსიკის, ასევე Deep Purple-ს მხრიდან. მაგალითად, ლეგენდარული ჯგუფის მომღერალმა დევიდ ქოვერდეილმა განაცხადა, რომ იგი ვერასოდეს იმღერებდა ამ ჯგუფში, რომ არა ჯონ ლორდი:

„1973 წელს, როდესაც ჯგუფი ალბომ Burn-ზე სამუშაოდ შეიკრიბა, პირველ საღამოს რიჩისთან, გლენ ჰიუზთან და იან პეისთან ერთად სტუდიაში აღმოვჩდი. ჯონი რატომღაც იგვიანებდა. მუსიკოსებმა მის გარეშე დაიწყეს იმპროვიზაციების შესრულება, ჩემგან კი აყოლას ელოდნენ, რასაც ვერაფრით ვახერხებდი. ამ დროს თურმე ჯონს ფარულად რიჩისთვის დაურეკავს, რას შვრება ახალი მომღერალიო. ვერც ვერაფერსო, რიჩის უპასუხნია - ჩვენ ვუკრავთ, ეს კი ჩუმად არისო. ცოტა ხანში ჯონი გამოჩნდა, გამიყვანა ცალკე, დამალევინა ვისკი და თავის ჰამონდით „ამაგდო“ ბითლზზე, როკ’ნ’ოლებზე, ბლიუზურ მოტივებზე... მოკლედ ოთახიდან დაბრუნებული შევუერთდი მსოფლიოს ყველა დროის უდიდეს როკ-ბენდს. სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ აქ უნდა მემღერა!“

დევიდ ქოვერდეილს ლორდი იქამდეც შეხვედრია და „ყოველი შემთხვევისათვის“ მისთვის ტელეფონის ნომერი უთხოვია. მაშინ დევიდი დედ-მამასთან ცხოვრობდა, პრიმიტიულ ბენდში მღეროდა და შინ ტელეფონის აპარატი საერთოდ არ ჰქონია. მომავალში Deep Purple-ს მომღერალს სახელოვანი მუსიკოსისათვის სახლის მისამართი მიუცია...

ქოვერდეილი მაშინ ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ სულ რამდენიმე თვის შემდეგ, მას თვით იან გილანის შეცვლა მოუწევდა ჯგუფში, სადაც სიმღერაზე ადრე ვერც იოცნებებდა. ალბომმა Burn და ნახევარ მილიონიანი აუდიტორიის წინაშე ჩატარებულმა მისმა დამაგვირგვინებელმა კალიფორნიის ფესტივალმა, ქოვერდეილს გარდა იმისა, რომ მეგა-ვარსკვლავის სტატუსი მიანიჭა, ჩამოუყალიბა კომპოზიტორული ტალანტი, რომლის მსგავსითაც, ალბათ თითზე ჩამოსათვლელი როკ-ვოკალისტები თუ დაიკვეხნიან.

ქოვერდეილის ხმის ტემბრის მიმსგავსება, წარმოუდგენელია რომელიმე სხვა მომღერალთან. მისი განუმეორებელი მელოდიკა, ლირიკა და რაც მთავარია ბლიუზური სიღრმე ოქროს ასოებით ჩაიბეჭდა როკ მუსიკის ისტორიაში Deep Purple-ში ნამღერი ისეთი სიმღერებით, როგორიცაა Burn, Sail Away, Mistreated, Soldier Of Fortune, Lady Double Dealer, You Fool No One, You Keep On Moving, Love Child, Stormbringer…

დასრულდა დიდი ეპოქა და დევიდ ქოვერდეილსაც უკვე თავად შეეძლო ჯგუფის აწყობა და მისი მართვა. Deep Purple-ში მან ხომ მსოფლიოს უდიდესი როკ მუსიკოსების სკოლა გაიარა და უდიდესი გამოცდილება შეიძინა. პარალელურად როჯერ გლოვერის მიუზიკლ The Butterfly Ball & Grasshopper’s Fiest-ზე მუშაობისას მან სხვა საუკეთესო ინგლისელი მუსიკოსებიც გაიცნო, დაუახლოვდა მათ და პირველი სოლო პროექტის Northwinds შექმნისას, ქოვერდეილს სელექციურობის პრობლემაც არ შექმნია.

პრობლემა უფრო რეპერტუარის თემას უკავშირდებოდა და საქმესთან ყოველთვის პროფესიონალური დამოკიდებულების მქონე მუსიკოსმაც როკ მუსიკისთვის მეტად არასახარბიელო 70-ების მეორე ნახევარში არც მწვადი დაწვა, არც შამფური, არც პანკური ხელწერით დაუბინძურებია რეპერტუარი და ჰარდ როკ მენისთვის იმ დროისათვის მომრავლებულ არც სხვა „მწვალებლური“ მუსიკალური მიმდინარეობებისთვის მიუმართავს.

ქოვერდეილმა ყურადღება მარტივი და მელოდიური სიმღერების შექმნაზე გაამახვილა, რაზედაც მაქსიმალური ეფექტით ლამაზი ხმის ტემბრს მოარგებდა... Northwinds -ის ორივე ალბომი დღესდღეობით ალბათ როკ არქაიზმია, რადგან აქ არ იგრძნობა ზოგადად Deep Purple-ის წევრისათვის დამახასიათებელი ენერგეტიკა, მაგრამ როგორც მომავალმა გვიჩვენა, ქოვერდეილი თურმე აქ ისეთივე მოთელვას გადიოდა, როგორც რომელიმე დიდი საფეხბურთო ნაკრები ამა თუ იმ ამხანაგურ მატჩში...

დევიდმა თავისი ჭეშმარიტი ბენდი Whitesnake 1977 წელს შექმნა. იმ დროისათვის მას იმდენი მასალა დაუგროვდა, რომ სიმღერები ორ ალბომს გასწვდა. Deep Purple-ში გატარებულმა თითქმის 4 წელიწადმა მომღერალს საკონცერტო მოღვაწეობაც ჩვეულ მოვლენად უქცია. კოვერდეილის ბევრ მოყვარულს Live At Hammersmith-ში ნამღერი Mistreated და Ain’t No Love In The Heart Of The City ამ სიმღერების მრავალ საკონცერტო ვერსიათაგან საუკეთესოდ მიაჩნია.

Whitesnake-ის ორდისკიანი საკონცერტო ალბომი Live...In the Heart of the City, მსოფლიომ 1980 წელს იხილა, რომლის პირველ ნაწილსაც 1978 წელს ჩაწერილი ზემოთხსენებული Live At Hammersmith წარმოადგენდა. ალბომის მეორე დისკზე ჯონ ლორდთან ერთად უკვეიან პეისიც გამოჩნდა და დევიდ ქოვერდეილის დამსახურებით Deep Purple-ს არარსებობის პერიოდში, ლეგენდარული ჯგუფის ყველაზე დაახლოებული სახე, როკ სამყაროს სწორედ რომ Whitesnake-მა წარმოუდგინა.

ალბომი Ready An’ Willing გასული საუკუნის 80-იანების როკ ალბომთა შორის, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მეტად დასაფასებელია მელოდიურობით, სიღრმით, ერთდროულად სიმარტივითა და ჯამში უბრალოდ სილამაზით... ალბომის ბლიუზური ჟღერადობა დიდწილად ბერნი მარსდენისა და მიკი მუდის გიტარისტთა ტანდემმა განაპირობა. მეორე მათგანი ქანთრისკენაც ამჟღავნებდა მიდრეკილებას, რაც განსაკუთრებით Love Hunter-ისსაკონცერტო ვერსიებში სხვადასხვა დოზებით ვლინდებოდა ხოლმე.ალბომი მსუბუქი როკ’ნ’როლით Fool For Your Loving იხსნება და იმავე მუხტს მეორე სიმღერა Sweet Talker-იცინარჩუნებს.Ready An’ Willing -ის მშვენება, ჯერ კიდევ Northwinds-ის პერიოდის Blindman-ის გაცილებით დახვეწილი ვერსია გახლავთ - სევდიანი ბალადა ბოლოსკენ გიტარ ინსტრუმენტული საკმაო დამძიმებით, რაც 1980 წელს სიმღერას გაჰიტებაში ხელს ნამდვილად შეუშლიდა, მაგრამ სამაგიეროდ როკის რამდენმა ჭეშმარიტმა დამფასებელმა შეიყვარა ეს სიმღერა? ლორდი და პეისი თითქოს დიდად არ ერეოდნენ Whitesnake-ის რეპერტუარში, მაგრამ მათ ეს ხომ დიდი ხნის წინათ ჰქონდათ უკვე გაკეთებული, ჯერ კიდევ Deep Purple -ში...

ეს კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს დადებითი თვალსაზრისით დევიდ ქოვერდეილის როლს, რადგან თუნდაც იმავე გილანს შეეძლო უფრო მეტის შესწავლა უდიდესი ინსტრუმენტალისტებისგან. Ready An’ Willing-ის გეზი, მომდევნო ალბომმა Come An’ Get It-მა ღირსეულად განაგრძო. აქ ორიგინალობით Would I Lie To You გამოირჩევა ორი მისამღერითა და ჯონ ლორდის ეფექტური ჰამონდ ფონით. დევიდ ქოვერდეილისა და ჯონ ლორდის მუსიკალური ტანდემის ფეიერვერკად ამ უკანასკნელის ულამაზესი ინტროს მქონე Here I Go Again იქცა ალბომიდან Saints And Sinners, რომელიც ქოვერდეილმა მომავალში განსხვავებული ჟღერადობით ჩაწერა. Here I Go Again-ს ხიბლს ნეილ მიურეის უდიდესი გემოვნებით შესრულებული ბას გიტარის პარტიაც სძენდა. ეს მუსიკოსი იქამდე ხომ ინგლისის საუკეთესო ჯაზ როკ კოლექტივებში უკრავდა...

საბოლოოდ პირველადი ფორმაციის Whitesnake-მა ოთხი ალბომი გააერთიანა. სურვილის შემთხვევაში მათ 1984 წლის Slide It In-იც შეგვიძლია შევმატოთ. აქ ბევრი რამ ცოტათი განსხვავებულია - უკვე აღარაა პეისი და მის ადგილზე კოზი პაუელი უკრავს. შეცვლილია გიტარისტიც, მაგრამ Whitesnake-ის ცვლილება არა იმდენად Deep Purple-ს ხელახალმა შეკრებამ, არამედ უფრო ეპოქამ გამოიწვია, რამაც მომღერლის კარიერაში ოთხწლიანი მუსიკალური პაუზა განაპირობა...

(გაგრძელება იქნება)