გადაცემის “სთორი” წამყვანმა თათია შარანგიამ მიხეილ სააკაშვილს ინტერვიუს მსვლელობისას სანდრო გირგვლიანის, ზურა ვაზაგაშვილისა და ბუტა რობაქის საქმეებთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს “შემოაკვდათ” და იქვე აღნიშნა, რომ გირგვლიანის სასტიკი მკვლელობა – ეს უბრალოდ შეცდომა იყო.
ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე სააკაშვილმა ვრცლად არ ისაუბრა, მან მხოლოდ ის თქვა, რომ ზურა ვაზაგაშვილი “ბანდიტი” იყო.
რაც შეეხება ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეს, ყოფილმა პრეზიდენტმა თემაზე საუბარს თავი აარიდა და მოკლული ახალგაზრდის სახელი არც კი უხსენებია.
“გირგვლიანის ისტორია იყო ძალიან ტრაგიკული, მძიმე… ის ხალხი, ვისაც შემოაკვდა, მოკლა, შემოაკვდა… სუფთა „მალჩიშკური რაზბორკის“ შემდეგ, მათ გადაწყვიტეს სამაგალითოდ დაესაჯათ… და მერე ის ხალხი დაპატიმრებული იქნა. მაგრამ ჩემი აზრით, მაშინ ყველა უნდა გადაგვეყენებინა და ვინც რამე შეხებაში იყო ამ ისტორიასთან, (სახელმწიფო სასამხურს) ახლოს არ უნდა გაგკვეკარებინა არავინ, ეს არის მთავარი შეცდომა. თორემ, ისინი ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ ციხეში ჩასხდნენ, სხვათაშორის პოლიციამ ძალიან სწრაფად დაიჭირა, ტელეფონებით და რაღაცით… აქ ნაღდად არ ყოფილა ხელის დაფარება.
ახლა ვაზაგაშვილი ჩვეულებრივი “ბანდიტი” იყო, მიდიოდა “ბანდიტი საბანდიტოდ”, უკაცრავად, ეგ სხვადასხვა თემებია… გირგვლიანი იყო სრულიად უწყინარი, ახლა იქ ვიღაც, რაღაც შეელაპარაკა, მაგას რა მნიშნვნელობა აქვს, ის მეორე, ვაზაგაშვილი სრული”ბანდიტი” იყო.
რაღაც მომენტში მე ყველაზე მეტად ვდარდობ რომ ირინა ენუქიძე (სანდრო გირგვლიანის დედა) არ ვნახე, არ ველაპარაკე. გირგვლიანის ისტორია ჩემთვის დღემდე ძალიან მძიმე ისტორიაა. უბრალოდ მერე რატომ გაგვიჭირდა?! – პატარკაციშვილმა მთელი ეს ამბავი წაიღო სულ სხვა მიზნებისთვის. იმდენად პოლიტიზირებული გახდა ეს ამბავი, რომ მერე უბრალოდ ჩვენც შევყევით და არ უნდა შევყოლოდით, ჩვენი მრიდან არ უნდა მომხდარიყო ამის პოლიტიზირება. ეს იყო ასევე დიდი შეცდომა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში “სთორი”.
გირგვლიანის საქმე – 2006 წლის 27 იანვარს „შარდენბარში“ დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ალექსანდრე გირგვლიანი და მისი მეგობარი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე.
გამტაცებლებმა ალექსანდრე გირგვლიანი და მისი მეგობარი გააშიშვლეს ძლიერ ყინვაში და სასტიკად სცემეს. გირგვლიანის მკვლელობის საქმე უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული იყო.
განახლებული გამოძიების ფარგლებში, ალექსანდრე გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის, გამოძიების გაყალბების და ციხეში მსჯავრდებულებისთვის კანონთან შეუსაბამო კომფორტული პირობების შექმნისთვის, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია კიდევ 7 პირის, მათ შორის ივანე მერაბიშვილის და ბაჩანა ახალაიას მიმართ, ხოლო დავით ახალაიას მიმართ საქმე არსებითად იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დამნაშავედ სცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით.
ბუტა რობაქიძის საქმე – 2004 წლის 24 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულის ღამეს, პატრულის თანამშრომელმა გიორგი ბაშალეიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ბუტა რობაქიძე, ხოლო ბუტა რობაქიძის თანმხლები ახალგაზრდები ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ყალბი ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა, რასაც გარდაცვლილის ოჯახის წევრების, მისი ახლობლების და საზოგადოების მხრიდან დიდი მოყვა პროტესტი. ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი წლების განმავლობაში იბრძვის ერთადერთი შვილის მკვლელობაში თანამონაწილეების სამართლებრივად დასჯას.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქმის გამოძიება განახლდა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით ბრალდებით გამოძიება შსს-ს არაერთი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაიწყო.
ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობა, ე.წ. კორტების ტრაგედია – 2006 წლის 02 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლულ იქნენ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას, რომელსაც ყალბად ყაჩაღობის მომზადების აღსაკვეთად ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაცია უწოდეს.
კორტებთან მომხდარი ტრაგედია პირველი სპეცოპერაცია არ ყოფილა, რომელიც იმ პერიოდში შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის უწყებამ მსხვერპლით დაასრულა, 2006 წელს პოლიციის სპეცოპერაციებს, სულ მცირე, 24 ადამიანი ემსხვერპლა. გირგვლიანისა და ვაზაგაშვილის საქმეებთან ერთად, იმ დროით თარიღდება ასევე ამირან რობაქიძის, გიორგი თელიას (2006 წლის 16 თებერვალი), კიზირიას (2006 წლის 25 თებერვალი) გახმაურებული საქმეებიც.