საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში “სთორი” სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის “შემოაკვდათ”. ამასთან, როგორც სააკაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ დანაშაულზე “ნაციონალური მოძროაბის” ხელისუფლებას დამნაშავეებისთვის ხელი არ დაუფარებიათ. ყოფილი მთავარსარდალი ამბობს, რომ გირგვლიანის სასტიკი მკვლელობა – ეს უბრალოდ შეცდომა იყო.
„გირგვლიანის ისტორია იყო ძალიან ტრაგიკული, მძიმე… ის ხალხი, ვისაც შემოაკვდა, მოკლა, შემოაკვდა… სუფთა „მალჩიშკური რაზბორკის“ შემდეგ, მათ გადაწყვიტეს სამაგალითოდ დაესაჯათ… და მერე ის ხალხი დაპატიმრებული იქნა. მაგრამ ჩემი აზრით, მაშინ ყველა უნდა გადაგვეყენებინა და ვინც რამე შეხებაში იყო ამ ისტორიასთან, (სახელმწიფო სასამხურს) ახლოს არ უნდა გაგკვეკარებინა არავინ, ეს არის მთავარი შეცდომა. თორემ, ისინი ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ ციხეში ჩასხდნენ, სხვათაშორის პოლიციამ ძალიან სწრაფად დაიჭირა, ტელეფონებით და რაღაცით… აქ ნაღდად არ ყოფილა ხელის დაფარება.
რაღაც მომენტში მე ყველაზე მეტად ვდარდობ რომ ირინა ენუქიძე (სანდრო გირგვლიანის დედა) არ ვნახე, არ ველაპარაკე. გირგვლიანის ისტორია ჩემთვის დღემდე ძალიან მძიმე ისტორიაა. უბრალოდ მერე რატომ გაგვიჭირდა?! – პატარკაციშვილმა მთელი ეს ამბავი წაიღო სულ სხვა მიზნებისთვის. იმდენად პოლიტიზირებული გახდა ეს ამბავი, რომ მერე უბრალოდ ჩვენც შევყევით და არ უნდა შევყოლოდით, ჩვენი მრიდან არ უნდა მომხდარიყო ამის პოლიტიზირება. ეს იყო ასევე დიდი შეცდომა“, – განაცხადა სააკაშვილმა გადაცემის წამყვანის თათია შარანგიას კითხვის საპასუხოდ.
2006 წლის 27 იანვარს „შარდენბარში“ დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ალექსანდრე გირგვლიანი და მისი მეგობარი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე.
გამტაცებლებმა ალექსანდრე გირგვლიანი და მისი მეგობარი გააშიშვლეს ძლიერ ყინვაში და სასტიკად სცემეს. გირგვლიანის მკვლელობის საქმე უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული იყო.
განახლებული გამოძიების ფარგლებში, ალექსანდრე გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის, გამოძიების გაყალბების და ციხეში მსჯავრდებულებისთვის კანონთან შეუსაბამო კომფორტული პირობების შექმნისთვის, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია კიდევ 7 პირის, მათ შორის ივანე მერაბიშვილის და ბაჩანა ახალაიას მიმართ, ხოლო დავით ახალაიას მიმართ საქმე არსებითად იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დამნაშავედ სცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით.