ასეთი არაადეკვატური წინასაარჩევნო გარემო, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა, საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა, თავი მოიჭრა ერთხელ და სამუდამოდ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა.
ბერძენიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოლოდინებსა და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა.
“ხვალინდელი დღისგან ველოდები ქართველი ხალხის აქტიურობას და თუ ისეთი აქტივობა იქნება, როგორსაც მე ველოდები, შედეგი წინასწარ არის ცნობილი ჩემთვის - ოპოზიციის კანდიდატი გაიმარჯვებს. ვინ რას იზამს არჩევნების შემდეგ, ამის პროგნოზირება არ შემიძლია. არ ვიცი ვის რა აქვს დაგეგმილი, მაგრამ თუ აპირებენ რაიმე განსაკუთრებული სპეცოპერაციის ჩატარებას, ამას დავინახავთ“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა, რა შეიძლება ხელისუფლებამ გააკეთოს, ბერძენიშვილი პასუხობს, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში არაფერზე უნდა წავიდეს და უნდა აღიაროს ქართველი ხალხის არჩევანი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, ბერძენიშვილი ამბობს, რომ პირადად ის არაფერს გეგმავს, უბრალოდ მხარს უჭერს ოპოზიციას.
რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს შეფასებას, ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მთავრობაში ყოფნის პატივს აღარ იმსახურებს.
„შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი არაადეკვატური გარემო, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა, საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. თავი მოიჭრა ერთხელ და სამუდამოდ და დაამტკიცა, რომ იგი აღარ იმსახურებს ამ პატივს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე, საპარლამენტო არჩევნებზე გაფორმდება, რადგან ხელისუფლებამ იმდენი შეცდომა, დანაშაული ჩაიდინა, იმდენი უსინდისობა, აღვირახსნილობა იკადრა, ისე დარაზმა თავისი მომხრეები, ისეთი დემონიზება გაუკეთა მოწინააღმდეგე მხარეს, ისე დახარჯა საერთაშორისო სიტყვები როგორებიცაა - „ფაშიზმი“, „ნაციზმი“ და ა.შ., რომ მთელ მსოფლიოში მოიჭრა თავი. გააკვირვა ევროპა თავისი „დემოკრატიულობით“. მე ვფიქრობ, ასეთი სამარცხვინო ქმედების შემდეგ ქართველი ხალხის პასუხი იქნება ადეკვატური და ხელისუფლება ამ პასუხს ხვალ გაიგონებს“, - აღნიშნა ბერძენიშვილმა.