“პრივილეგიები ჰქონდა… ასეთ ცხოვრებას მიჩვეული ახლა დიდ სტრესშია”-ზაზა ოქუაშვილმა ვახო ხუზმიაშვილს პერსონალური ინფორმაცია გაუსაჯაროვა

“პრივილეგიები ჰქონდა… ასეთ ცხოვრებას მიჩვეული ახლა დიდ სტრესშია”-ზაზა ოქუაშვილმა ვახო ხუზმიაშვილს პერსონალური ინფორმაცია გაუსაჯაროვა

„იბერია“-ს და მთელი „ომეგა“-ს თანამშრომლებს (მთელი 1500 კაცია) ვეტყვი და სხვა თანამშრომლებს კიდევ, რომლებიც ჩვენს ფირმაში არიან, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს უფლებებს. ჩვენ დავიცავთ 1 500 კაცის უფლებებს და ამაზე საკმაოდ ბევრს ვმუშაობ. ყველა ძალას და ღონეს ჩავდებ, რომ მათი სამუშაო უფლებებისთვის ვიბრძოლო“, – ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა ტელეკომპანია „პირველი“-ს გადაცემაში „ხალხის პოლიტიკა“ განაცხადა.

ოქუაშვილმა ტელეკომპანია „იბერია“-ს საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, ჟურნალისტის ვახო ხუზმიაშვილის განცხადებებსაც უპასუხა. ბიზნესმენმა ხუზმიაშვილის ისეთ პერსონალურ ინფორმაციაზე ისაუბრა, როგორიც მისი ხელფასია.

როგორც ზაზა ოქუაშვილმა აღნიშნა, ხუზმიაშვილის საკმაოდ მაღალანაზღაურებადი პერსონაა და მისივე თქმით, შეიძლება, სამსახურის დაკარგვის გამო სტრესშია.

„ახლა რაც შეეხება ვახო ხუზმიაშვილს, საკამოდ მაღალანაზღაურებადი ადამიანი გახლავთ. დღგ-თი დაახლოებით 72 000 ლარს აღემატება მისი შემოსავალი. მე მესმის, რომ შეიძლება ამ ცხოვრებით მიჩვეული, შემდეგ ძალიან დიდი სტრესი მიიღო, მაგრამ დაადგა არასწორ გზას… ჩვენი მიმართულებაა, ვინც გააჩერა ტელევიზია მას მოვთხოვოთ…

ეს ხელფასი, როგორც ამბობენ, “ბენთლის” ერთი საბურავი არ არის, ცოტა მეტია, ეს არის ნახევარი მილიონი. „ომეგა“ ხელფასს ყოველ თვე მილიონ სამასი ათასამდე იხდის. სხვათაშორის სამი თვე ეს ხელფასები გაიცა. თანხა არ არის ახლა, გაჩერებულია. მე როგორც ბრიტანელმა ინვესტორმა, ბოლო 6 წლის განმავლობაში  200 მილიონი შემოვიტანე საქართველოში, მანამდე უფრო მეტი, როგორც ქართველმა ინვესტორმა. და თქვენ ამბობთ კიდევ, კიდევ, კიდევ… ეს შეუძლებელია…

„ომეგა“ იხდის მიმდინარე გადასახადებს, წინა თვის ვადაზე ადრე არის გადახდილი. აქ უნდა იყოს ჩვენი ყურადღება მიმართული, რატომ აჩერებენ, მე არ ვაჩერებ…  ნახევარი მილიონი ასე არ ყრია. და როდესაც გადაწყდა, რომ „ომეგა“-ს უნდა ემუშავა, „ომეგა“-მ დაიწყო მათი („იბერია“-ს თანამშრომლების) ხელფასების გადახდა, ახლა ვიღაც შემედავება, რომ ეს არ მოხდა 2, ან 3 დღეში…,“ – განაცხადა ოქუაშვილმა.

გადაცემის წამყვანის ვახო სანაიას რეპლიკაზე, რომ მან ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში საკუთარ თანამშრომელს ხელფასი დაუთვალა და კითხვაზე ასეთი კომუნიკაცია კიდევ უფრო გაამწვავებს თუ არა აღნიშნულ საკითხს, ოქუაშვილმა უპასუხა:

„რატომ გაამწვავებს? მინისტრებს არ აქვთ ამდენი… მე მესმის ამ ადამიანის პრობლემების, იპოთეკის პრობლემა ჰქონდა. რა უნდა გაამწვავოს პრესკონფერენციას მართავს ადამიანი და მე პასუხი არ გავცე?! არ დავინტერესდე ამ ადამიანს რამდენი ჰქონდა ხელფასი?! თქვენ ფიქრობთ, რომ მე მოვალ ისე და არ დავინტერესდები ამით?! – მე არ ვიცოდი ეს ზეპირად, ჩემთან არ თანხმდებოდა მისი ხელფასი, მაგრამ მითხრეს, რომ 6 000.. დამატებით მანქანა და ბევრი, ბევრი პრივილეგიები… რა თქმა უნდა, აუცილებლად დავინტერესდებოდი ამ ადამიანით, ვინც პრესკონფერენციას აწყობს ჩემ წინააღმდეგ და წავიკითხე მისი წერილი, აბსოლუტურად წყობა, სტილი, რიტმი, ლექსივით… ერთი მუსიკაა…”, – აღნიშნა ოქუაშვილმა.

ვახო ხუზმიაშვილის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტში ნათქვამია, რომ მას შემდეგ რაც “იბერია”-მ საინფორმაციო მაუწყებლობა შეწყვიტა, ოქუაშვილს ჟურნალისტები არც კი მოუკითხავს. აღნიშნულ ბრალდებას ბიზნესმენმა პირდაპირ ეთერში ასე უპასუხა:

“სად უნდა მიმეკითხა, ტელეფონით ვესაუბრე. მე ვუთხარი, რომ იპოთეკის პრობლემა ერთ ადამიანს არ აქვს, მე ვზრუნავ ჩემს 1 500 კაცზე, და მას ვერ გამოვაცალკევებდი. მაგრამ მასზე ნუ იდარდებთ, ნუ ინერვიულებთ, მან გადაწყვიტა იპოთეკის პრობლემაც, ახალი სამუშაოც როგორც მითხრეს… ყველაფერი გადწყვეტილი აქვს.

ამ ტელევიზიის თანამშრომლები ითხოვენ კომპენსაციას, რომლებიც აუცილებლად მიიღებენ, სამჯერ მეტს არა, თუმცა, ბოლო კაპიკამდე მიიღებენ ამას“, – განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.