"არ შეიძლება, ერთდროულად იყო პროფესიული დიპლომატი და რომელიღაც სპეცსამსახურის წევრი" - გრიგოლ ვაშაძე ბრალდებებს პასუხობს

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, გადაცემა კვირის აქცენტების სპეციალურ გამოშვებაში მის მიმართ გაჟღერებულბრალდებებზე საუბრობს. კერძოდ, მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებაზე, რომ ის კგბ-ს აგენტია.
პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ ერთდროულად პროფესიონალი დიპლომატობა და ამავდროულად რომელიღაც სპეცსამსახურის წევრობა შეუძლებელი და წარმოუდგენელია.

"იმიტომ არ ვარ, რომ არ შეიძლება, ერთდროულად იყო პროფესიული დიპლომატი, საბჭოთა კავშირის დელეგაციის წევრი განიარაღების კონფერენციაზე, იყო დაკავებული განიარაღების თემატიკით და ამავე დროს იყო რომელიღაც სპეცსამსახურის წევრი იმიტომ, რომ ეს ორი პროფესია აბსოლუტურად შეუთავსებელია,“ - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

გრიგოლ ვაშაძე აქვე საარჩევნო კამპანიაში მისი შვილების ჩარევის მცდელობაზეც საუბრობს.

„ესე როგორ უნდა მოახერხო, რომ "ოცნება" და "იმედი" ამოგაღებინონ ლექსიკონიდან საერთოდ. პატარკაციშვილის ტელევიზიას მე საერთოდ არ ვუყურებ. რაც შეეხება იმას, რომ ჯერ ერთი, მიფორთხავენ ჩემს პირად ცხოვრებაში და რატომღაც ცდილობენ, კამპანიაში ჩემი შვილები ჩარიონ ამ ძალიან ევროპელებმა, ისეთმა ევროპელებმა, რომ პირდაპირ აღარ შეიძლება მეტი. ჩვენ ხომ საზიზღარი პოსტსაბჭოთა პროვინციალები ვართ და ესენი ძალიან ევროპელები არიან და შვილები უნდა ჩაერიონ კამპანიაში,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, თუ ის კგბ-ს აგენტი იყო, მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი რუსეთის ინტერესები ყოფილა.

„საქართველოს ინტერესების სამსახური, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და ჩვენი ინტერესები დაცვა. მე თუ ის ვარ, ვისაც ძალიან პატარკაციშვილის ტელევიზია მაბრალებს, მაშინ ჩვენ უნდა დავუშვათ, რომ ეს ყველაფერი რუსეთის ინტერესებშია, თუ ეს ყველაფერი რუსეთის ინტერესებში არ არის, მაშინ ძალიან პატარკაციშვილის ტელევიზია მე ტყუილად მაბრალებს ამას,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.