უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა, პატრიარქმა ფილარეტმა უკრაინელ ხალხს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ 25 ნოემბერს რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ ღია აგრესია განახორციელა. პატრიარქმა რუსები, როგორც ძმების მკვლელები მოიხსენია.
„უკრაინელ ხალხს მხოლოდ ერთი პასუხის გაცემა შეუძლია ამ თავდასხმაზე - მამაცურად დაუპირისპირდეს მტერს, დადგეს სამშობლოს, თავისი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების დასაცავად. მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, გადადონ უთანხმოებები და გაერთიანდნენ. თუ მტერი ჩვენს სახელმწიფოებრიობას გაანადგურებს, რა თანამდებობებზე უნდა იზრუნოთ? მივმართავ ძმების მკვლელებს - ახალ კაენებს, რომლებიც ჩვენს ხალხს ძმებს ეძახიან და ჩვენს სახლში მოდიან, რათა სისხლი დაღვარონ: გონს მოეგეთ და შეწყვიტეთ ბოროტების დათესვა. დამალეთ თქვენი ხმალი და სახლებში დაბრუნდით!“ - დასძინა მან.