ტელეკომპანია “იბერიას” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, ტელეწამყვანი ვახო ხუზმიაშვილი “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს მწვავედ აკრიტიკებს. ხუზმიაშვილის განცხადებით, ოქუაშვილმა არხისა და იქ მომუშავე ჟურნალისტების საქმიანობა კერძო ინტერესებისთვის გამოიყენა. მისივე თქმით, “იბერია” თავიდანვე იყო „მსხვერპლად“ ჩაფიქრებული, ოქუაშვილი კი, მუდმივად ელოდა მომენტს, როდესაც ამ მსხვერპლს ყველაზე სარფიანად შეწირავდა.
ამასთან, ჟურნალისტი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, რომ ზაზა ოქუაშვილი დღეს იმ ადამიანებთან ერთად დგას, ვინც წლების წინ აღნიშნული ტელეკომპანია დაარბია.
შეგახსენებთ, არხმა მუშაობა კომპანია “ომეგასა” და მის დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან დაკავშირებული სკანდალების შედეგად შეწყვიტა.
“ამოვიდა ყელში!
ამდენი თვეა დავდივარ და ზაზა ოქუაშვილს ვამართლებ და ვიცავ ყველგან და ამ კაცს ერთხელაც არ მოვუკითხივართ. ჩვენ ხო მარტო ჟურნალისტები არ ვართ! ხო ველაპარაკებით ჩვენ ჩვენ ოჯახებს, მეგობრებს, მეზობლებს – ეხლა ამათთანაც კი მრცხვენია. მის გვერდით მაშინ ვიდექი, როცა იბერიას არბევდნენ და მაშინ ვინც იარაღს გვადებდა და ძირს გვყრიდა, დღეს ოქუაშვილი იმასთან ერთადაა.
აქამდე არავის უთქვამს რომ სიგარეტის ფაბრიკის პრესსამსახური ვიყავით და სიგარეტის გაყიდვებზე იყო დამოკიდებული დამოუკიდებელი ტელეკომპანია იბერია.
ეთქვა მაინც მამაცხონებულს! ყველა ჩვენ ჩვენ არჩევანს გავაკეთებდით.
რატო მაქვს პრეტენზია? იმიტომ რომ შეუძლებელია სადღაც მართალი იყო და სადღაც გადამგდები! რაც არ უნდა შეგვიფუთოს ამ კაცმა, რომლის გამო აქციებზე ხმა გვქონდა ჩახლეჩილი, იმის ღირსად მაინც უნდა ჩავეთვალეთ თავისივე თანამშრომლები რომ წესიერად აეხსნა რა უნდოდა და რა მოტივით გვიყენებდა ამდენი ხანი.
ზაზა ოქუაშვილს მარტო სიგარეტის ბიზნესი არ აქვს და ამიტომ ვთხოვ პასუხს, მისი ერთი ბენტლის საბურავის ფასად, წესიერ და თავისუფალ ჟურნალისტებს ვალს გადაუხდიდა.
ტეხავს ამ კაცზე რომ მიწევს ასე წერა, მაგრამ ის უფრო ტეხავს, ასე რომ იცავ და ყველას და ყველაფრის გადამგები რომ აღმოჩნდა.
ყველაზე მეტად ვერ ვიტან მსხვერპლის პოზიციაში ყოფნას, მაგრამ როგორც ჩანს, არიან ადამიანები, ვინც ამ მდგომარეობით არა მხოლოდ სიამოვნებას ღებულობს, არამედ სარგებელსაც ნახულობს.
ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ ტელეკომპანია „იბერია“ თავიდანვე ჩაფიქრებული იყო „მსხვერპლად“, ის სწორედ ამ მიზნით იყო შექმნილი და ოქუაშვილი მუდმივად ელოდებოდა მომენტს, როცა ამ მსხვერპლს ყველაზე სარფიანად შეწირავდა. ეს მომენტიც დადგა,” – დაწერა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში.
ვახო ხუზმიაშვილის განცხადებას, ჟურნალისტი, თამარ ურუშაძეც გამოეხმაურა და აღნიშნული “ფეისბუქ” პოსტის კომენტარებში დაწერა:
“გეთანხმები ვახო, ნათლად გამოჩნდა, რომ ზაზა ოქუაშვილმა ეს ტელევიზია საკუთარ ინტერესებს შესწირა და ამდენი ჟურნალისტი, რომელებიც სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, მოატყუა და მერე ქუჩაში დატოვა, გადამწყვეტ მომენტში და არც კი მოიკითხა”
“ჟურნალისტები, რომლებიც სიტყვის თავისუფლებისთვის ვიბრძოდით, აღმოჩნდა, რომ დამფუძნებლებმა კერძო ინტერესებისთვის გამოიყენეს”
“იურიდიული+მორალური ვალდებულებები, მე უფრო მეტად მორალზე მწყდება გული”