"არჩევნების შემდეგ ძალიან დიდი ცვლილებები იგეგმება, საკადრო პოლიტიკაში კატასტროფაა" - არეშიძე

პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს დიდი გეგმა საკადრო პოლიტიკის შესახებ და არჩევნების შემდეგ ძალიან სერიოზული ცვლილებები იგეგმება.

"ხომ ნახეთ სულ სხვა ჯგუფს დაევალა სოციოლოგიური კვლევების ჩატარებაც და საარჩევნო პროცესის წარმართვაც, მიუხედავად იმისა, რომ ნომინალურად ზოგიერთი ისევ დარჩა ძველ თანამდებობაზე. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, იქნება ძალიან კარგი პარტიის ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის.

ვიცი, რომ მას აქვს გეგმა საკადრო პოლიტიკის შესახებ და არჩევნების შემდეგ ძალიან სერიოზული ცვლილებები იგეგმება, მაგრამ, ალბათ, ივანიშვილს შეხვდება დიდი წინააღმდეგობებიც, რადგან არიან ისეთები, რომლებიც თვლიან, რომ ამ წლებმა მათ ზურგზე გადაიარა და მათ წინაშე „ქართული ოცნება” ვალშია.

საკადრო პოლიტიკაში კატასტროფული ვითარებაა რეგიონებში და არ ვიცი, ამას როგორ მოევლება. ცალკე პრობლემაა პორტირებული პირების თემა, რომლებიც ჯერ “ნაცების” სამსახურში იყვნენ, მერე კი “ქართულ ოცნებაში“ გადავიდნენ…“, – აცხადებს "კვირის პალიტრასთან" არეშიძე.