უკრაინის საზღვაო გემებზე იერიში წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო სამართლის უხეშ დარღვევას და ხელყოფს მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას

უკრაინის საზღვაო გემებზე იერიში წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო სამართლის უხეშ დარღვევას და ხელყოფს მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას

უკრაინის საზღვაო გემებზე იერიში და მათი დაყოვნება წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო სამართლის უხეშ დარღვევას და ხელყოფს მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საკუთარ Twitter გვერდზე დაწერა.

მისივე თქმით, საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს. უკრაინის საზღვაო გემებზე იერიში და მათი დაყოვნება წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო სამართლის უხეშ დარღვევას და ხელყოფს მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები ვითარების დეესკალაციისთვის“, - აცხადებს ზალკალიანი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების გემებს, ქერჩის სრუტის დატოვებისას რუსეთის სასაზღვრო ძალების გემმა ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მხარემ გაავრცელა.

არსებული ინფორმაციით, ორი მცირე ზომის საარტილერიო გემი “ბერდიანსკი” და “ნიკოპოლი” ოდესის პორტიდან მარიუპოლში გეგმურ გადასვლას ახორციელებდა. გარდა ამისა, ძალადობრივად იყო შეჩერებული ბუქსირი “იანი კაპუ”. უკრაინული მხარე ასევე იუწყება, რომ აღნიშნული გემები რუსული მხარის მიერ არის დაკავებული. სროლის შედეგად, დაჭრილია 6 უკრაინელი მეზღვაური.

ოფიციალური კიევის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებები პირველად 25 ნოემბრის დილას განხორციელდა, როცა სამი უკრაინული გემი ოდესიდან მარიუპოლისკენ მიემართებოდა. თავდაცვის უწყების ცნობით, რუსული გემი უკრაინულს განგებ შეეჯახა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, გემების გადაადგილება წინასწარ იყო დაგეგმილი.