რუსი მწერალი ვიქტორ ეროფეევი საზღვრის გადაკვეთაზე საქართველოს უარს ეხმიანება და აცხადებს, რომ ამის მიზეზი მხოლოდ ის არ არის, რომ ის აფხაზეთში იყო მანამდე ჩასული. ეროფეევის კომენტარს რუსული მედია ავრცელებს.
ეროფეევის თქმით, ის ადრეც იყო აფხაზეთში, თუმცა შემდეგ საქართველოში ჩატარებულ ლიტერატურულ ფესტივალზეც მიიღო მონაწილეობა. მწერალი ამბობს, რომ მისი საქართველოში არშეშვებაზე უარი მხოლოდ აფხაზეთში ვიზიტს არ უკავშირდება.
ეროფეევის თქმით, ის საქართველოს არ ადანაშაულებს იმაში, რომ არ სურს ადამიანები რუსეთის გავლით ჩადიოდნენ აფხაზეთში. ეროფეევის განმარტებით მისთვის არ აუხსნიათ მიზეზი რის გამოც არ შეუშვეს საქართველოში, თუმცა არც ეს უკვირს, რადგან ყველა ქვეყნის კანონია, არ შეუშვას ადამიანი საზღვარზე თუ არ სურს და ამაზე განმარტებას არავის სთხოვენ.
21 ნოემბერს მოსკოვი-თბილისის ავიარეისის სამ მგზავრს, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1 პუნქტის "ი" ქვეპუნქტის საფუძველზე, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვათ.
მგზავრები რუსულ კინემატოგრაფიულ ფესტივალზე, "პაემანი რუსეთთან" დასასწრებად ჩამოდიოდნენ. ერთ-ერთი, ვინც რუსეთში გააბრუნეს, იყო ფესტივალის გენერალური პროდიუსერი, ვლადიმერ პიროჟოკი, მწერალი, რეჟისორი და საბავშვო ტელეჟურნალ "ერალაშის" სამხატვრო ხელმძღვანელი, ბორის გრაჩევსკი და რუსი მწერალი, ვიქტორ ეროფეევი.
მომხდარზე განმარტება შს მინისტრმა გიორგი გახარიამ იმავე დღეს გააკეთა და თქვა: "ბევრი საბაბი გვაქვს, რომ არასასურველი მოქალაქეები ქვეყანაში არ შემოვუშვათ".