ფილოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი ლევან გიგინეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” 9-წლიან მმართველობას აფასებს. როგორც მან განაცხადა, ის პერიოდი ანთროპოლოგიური კატასტროფა იყო. მისი თქმით, “ნაცმოძრაობის” წევრები, სინანულის ნაცვლად, ამ 6 წლის განმავლობაში ცდილობენ, ავანტიურისტულად დაიბრუნონ ხელისუფლება.
“რაც ხდებოდა იმ 9 წელიწადში, ეს იყო რაღაც ანთროპოლოგიური კატასტროფა – სახელმწიფო რომ ხდება მთავარი და ადამიანი არაფერი. ეს მკვლელობები, წამება… საშინელებები ხდებოდა, როგორ შეიძლება ეს დაივიწყო? შეუძლებელია ამის დავიწყება, ეს არის ვალდებულება შენი, რომ სულ გახსოვდეს, იგივე რომ არ გაიმეოროო. უნდა მოხდეს ამის ზნეობრივი შეფასება.
რას ჰქვია რაღა დროს 9 წელია, გერმანიამ რომ დაივიწყოს ის ფაშიზმი, ან რასაც პუტინის რუსეთში ხდება, არ გაიხსენებენ და ისევ იგივე განმეორდება. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ყველაფერი, მით უმეტეს, ის ძალა ცდილობს ახლა, რასაც მე ვუყურებ ბატონი ვაშაძე… ზოგიერთები ამბობენ, რომ ის მოდის დასაბალანსებლად. არ მოდის დასაბალანსებლად და არც მალავს რისთვის მოდის. მოდის იმისთვის, რომ გზა გაუკაფოს ისევ “ნაციონალურ მოძრაობას” და “ნაციონალური მოძრაობა” არაფერს არ აბალანსებს, მთლიანად მოწმინდეს საწყის ნაწილზე მთელი პოლიტიკური სპექტრი.
მაქსიმუმ, ამბობენ, რომ გადაცდომა ჰქონდათ, ადამიანის წამება გადაცდომაა ან შეცდომა? ადამიანების ციხეში ჩასმა, მკვლელობები ხდებოდა, უდანაშაულო ადამიანების დაჭერა და ბიზნესების „დაწერა“ არ არის გადაცდომა. ეს არის კაი ძველი საბჭოთა ენა – სტალინისტები ამბობენ, სტალინი კარგი იყო, მაგრამ გადაცდომები ჰქონდაო, სამაგიეროდ, ომი მოიგო და კაშხლები ააშენაო… ადამიანი არ არის სახელმწიფოსთვის, სახელმწიფოა ადამიანისთვის.
ბოროტის გამკეთებელ ადამიანებსაც სიკეთე უნდა უსურვო და გამოსწორება, მაგრამ სინანული უნდა აჩვენოს და არ აჩვენებენ სინანულს, რა გვაქვს სანანებელი და საპატიებელიო. საპატიებელი ჩვენც კი გვაქვს, დროზე ხმა რომ არ ამოვიღეთ და გასაქანი მივეცით. სინანულია მათთვის საჭირო და ყველასთვის, ისე როგორ შეიძლება? თუ მოინანიებენ, კი ბატონო, ხალხმა აპატიოს შეიძლება, მაგრამ არ აქვთ ეს სინანული. სინანული არის ყველაზე სერიოზული რამ, რაც კი შეიძლება ცხოვრებაში იყოს. ისინი, მთელი ამ 6 წლის მანძილზე, არიან იმის მცდელობაში, რომ ავანტიურისტულად დაიბრუნონ ხელისუფლება. ამიტომ, რომ ამბობენ, ახლა მოვალთ და ამას არ ვიზამთო, ამის შანსი არის ნული!
ზნეობრივი “ნიუნბერგი” უნდა მოხდეს და შეფასდეს მოვლენა. ადამიანი არ უნდა გძულდეს, მაგრამ მის მხეცობებზე აუცილებლად უნდა იყოს რეაქცია. შეუფასებელი მხეცობები და დავიწყება მეტასტაზებივით გავრცელდება. არ შეიძლება ეს!”,-აცხადებს ლევან გიგინეიშვილი.