დაუზუსტებელი ინფორმაციით, 14 წლის წინ, გორში გაუჩინარებული 11 წლის მოზარდის, ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის ადგილსამყოფელს პოლიცია გორშივე ეძებს. ასევე, დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამართალდაცავებს აღნიშნული ინფორმაცია 9 წლის გოგონას, ნანა ბერიანიძის მკვლელობისთვის დაკავებულმა იაგო ნებიერიძემ მიაწოდა.
როგორც „ნიუპოსტს“ რამდენიმე წუთის წინ აცნობეს, სამართალდამცავები და კრიმინალისტებში გორში კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებენ სამძებრო ღონისძიებებს.
11 წლის ბიჭის გაუჩინარების საქმე აქტუალური ნებიერიძის დაკავების შემდეგ გახდა. როგორც ცნობილია, იაგო ნებიერიძე ოჯახისგან ბავშვის დაბრუნების სანაცვლოდ გამოსასყიდს ითხოვდა.
ნებიერიძის მამა ბერძნიშვილების ოჯახში ავტოფარეხის მშენებლობაზე მუშაობდა. სწორედ ამ დროს გაიტაცეს ბავშვი. ოჯახი მზად იყო თანხა გადაეხადა, თუმცა გამტაცებელი მათ აღარ დაჰკავშირებია და ბავშვის კვალიც დაიკარგა.
„ბავშვი სახლში ტრიალებდა ჩვეულებრივად, გათენდა დილა, გაიყვანეს და დაიკარგა. გაურკვეული თანხა გვთხოვეს, აღარ მახსოვს რამდენი, თუ გინდათ დაიბრუნოთ თქვენი შვილიო. ჩვენ ვუთხარით თანახმა ვართო და მის შემდეგ აღარაფერი. ისეთ დღეში ვიყავით. რამდენიმე ოპერაცია ჰქონდა გადატანილი თავზე,“ - ამბობს ბიჭის პაპა.
როგორც ცნობილია, მაშინ ნებიერიძე თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მას 11 წლის მოზარდის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდება არ დაუდასტურდა.
გატაცებული ბერძნიშვილის ოჯახის ინტერესებს ადვოკატი მამუკა ნოზაძე იცავდა. მისთვის უცნობია, რატომ ვერ მივიდა გამოძიება ბოლომდე და რატომ არ დაისაჯა ყველა ის ადამიანი, რომელიც გატაცებაში მონაწილეობდა, ან როგორ დატოვა საპატიმრო იაგო ბერძნიშვილმა. ნოზაძე საქმის დეტალებს იხსენებს.
„გორში მოხდა 11 წლის ბავშვის გატაცება რომელიც დღემდე არ არის ნაპოვნი. მას ბრალი წაუყენეს ადამიანის გატაცებასა და ფულის გამოძალვაში.
იაგო ნებიერიძე იყო ის პირი ვინც ამ ოჯახს ფულს სთხოვდა.იაგო ნებიერიძის მამა უშენებდა ფარეხს იმ ოჯახს, რომელის ბავშვიც იქნა გატაცებული,. თვითონაც მიდიოდა ამ ოჯახში და ეხმარებოდა მამას, ანუ იქაც ფაქტობრივად მუშის სტატუსით მუშაობდა.“-ამბობს ნოზაძე.