"რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ ისაუბრა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება საქართველოს რუსული გავლენის ქვეშ მოქცევის ტოლფასი იქნება. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში მოქმედი ქართული ლეგიონის რამდენიმე ჯარისკაცის გამოსვლა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივითაა დადგმული.
"რ.": როგორ შეაფასებთუკრაინაში გართველი ჯარისკაცების ნეგატიურ დამოკიდებულებასა და გამოსვლებს სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ?
ვახტანგ მაისაია: ეს არის ლეგიონის შემადგენლობა. სხვათა შორის, როგორც მე ვიცი, პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ გამოყვანილ იქნა საბრძოლო მოქმედებების ზონიდან, რადგან ისინი საბოტაჟს მართავდნენ და დეზერტირობის ფაქტები იყო. უკრაინიაში გავიგე, რომ მათ უარი განაცხადეს საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობაზე, ამიტომ ისინი კიევში არიან გამაგრებულები და ერთერთი ქარხანა აქვთ. უბრალოდ, უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის ეს არის დამატებითი პრობლემა, თუ როგორ უნდა მოიცილონ ლეგიონის ეს შემადგენლობა.
ეს ლეგიონი არის პოლიტიკურად მართული გასამხედროებული ფორმირება, რომელიც ემორჩილება მიხეილ სააკაშვილსა და მის პოლიტიკურ გაერთიანებას, ეს არის პოლიტიზირებული შეიარაღებული ფორმირება. ეს მიხეილ სააკაშვილის აგენტურაა და მაგათგან არ მიკვირს. ეგენი არიან პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები.
მათ გამოეყო ჩვენი რამდენიმე ნამდვილი სამხედრო, რომელიც დღეს მართლა იბრძვის და უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში შევიდნენ. ქართველი მებრძოლებიდან ვინც გადავიდა, ისინი დღეს იბრძვიან დონბასის მიდამოებში და ღირსეულად იცავენ უკრაინის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.
"რ": რას პროგნოზირებთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით?
ვ.მ: ამ შემთხვევაში ვერ ვიქნები ბოლომდე ობიექტური, ვიქნები სუბიექტური. მე იმედი მაქვს, რომ ქალბატონი სალომე გაიმარჯვებს და იქნება საქართველოს მთავარსარდალი და პრეზიდენტი.
"რ.": იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვებს გრიგოლ ვაშაძე, არის თუ არა ქვეყანაში დაძაბულობის ან სამოქალაქო ომის დაწყების საშიშროება?
ვ.მ: რა თქმა უნდა, თან იმის გათვალისწინებით, რომ გრიგოლ ვაშაძე, ფატობრივად, ასრულებს კრემლის დაკვეთებს და ბუნებრივია, კრემლი რა დაკვეთებსაც მისცემს თავის სატელიტს, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რას გამოიწვევს.
ამიტომ, მგონია, რომ სიტუაცია გეოსტრატეგიულ ჭრილში იქნება საკმაოდ რთული. რეგიონში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც არ ასრულებს კრემლის დაკვეთებს. ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებიც, ფაქტობრივად, მეტ-ნაკლებად არიან ჩაფლულნი რუსეთის გავლენის ორბიტაში, მათ შორის, თურქეთიც.
სამწუხაროდ, დღეს თურქეთი და რუსეთი სტრატეგიული მოკავშირეები არიან. მხოლოდ საქართველო ეწინააღმდეგება კრემლის მისწრაფებას, რომელიც ითვალისწინებს მის დომინანტობას კავკასიის რეგიონში. რუსეთს საქართველო ძვალივით ჰყავს თავის ხახაში გაჩხერილი. ამიტომ, თუ მოვიდა ვაშაძე, ჩვენ მოვხვდებით რუსულ გეოსტრატეგიულ და გეოპოლიტიკურ სივრცეში.