"ვაშაძის გამარჯვება იქნება ცივი სამოქალაქო ომის დასაწყისი" - კობა დავითაშვილი

"პარტიის შექმნას არ ვაპირებ, მხოლოდ მოსაზრება გამოვთქვი მესამე ძალის შექმნასთან დაკავშირებით. ეს ვთქვი და იმდენმა ადამიანმა დაიწყო პარტიის შექმნა, რომ დისტანცირება გადავწყვიტე" - ასე ეხმაურება კობა დავითაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ იგი ახალ პარტიას ქმნის.

"ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის აუცილებლობა დგას და ეს პირველი ტურის შედეგებმაც დაადასტურა, ეს ვთქვი და იმდენმა ადამიანმა დაიწყო პარტიის შექმნა - თაკო ჩარკვიანმაც უკვე შექმნა პარტია - რომ დისტანცირება გადავწყვიტე. თუმცა ვფიქრობ, რომ ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა აუცილებელია და რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები, 2020 წლამდე ახალი ძალა უნდა შეიქმნას - ეს არის საზოგადოების დაკვეთა, იმ ხალხის დაკვეთა, რომელიც ებრძოდა "ნაცმოძრაობას" და მის ავტორიტარულ რეჟიმს. ასე რომ, თაკო ჩარკვიანის პარტია ნამდვილად არ არის საზოგადოების დაკვეთა.

"რაც შეეხება მეორე ტურს, პროგნოზს არ გავაკეთებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში იარაღს არავინ გაისვრის, მაგრამ ეს იქნება ცივი სამოქალაქო ომის დასაწყისი, თანაც მიშამ თუ იგრძნო ძალაუფლების სურნელი ის აუცილებლად ჩამოვა. ზურაბიშვილის შემთხვევაში შენარჩუნდება სტაბილური ვითარება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მიგვიყვანს" - განაცხადა კობა დავითაშვილმა.