"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია ყოფილი თანაგუნდელის მსგავსად "ქართული ოცნების" პოზიციებიდან "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ბრძოლას არ აპირებს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი არ აკონკრეტებს, როდის დაბრუნდება ის პოლიტიკაში.
"მე ახლა სხვა რამეს ვაკეთებ, კარგად ბრძანდებოდეთ",- ასე უპასუხა ალასანიამ "2020NEWS"-ის შეკითხვას, ყოფილი თანამოაზრეების მსგავსად, თავადაც ხომ არ აპირებს პოლიტიკურ აქტივობას?
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის მოწვევის პარლამენტში ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც 2016 წელს განცდილი მარცხის შემდეგ პოლიტიკიდან წავიდა, „ქართულ ოცნებაში" ბრუნდება.
ჩიქოვანი „ქართულ ოცნების" გუნდში დაბრუნებას „ნაციონალურ მოძრაობასთან" ბრძოლის სურვილით ხსნის.
ჩიქოვანი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ალასანიას გათავისუფლებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იყო.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანიამ პარტია "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" 2009 წელს დააფუძნა. 2012 წლის დასაწყისში მათ კოალიცია "ქართულ ოცნება" შექმნეს. ამავე წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლის 4 ნოემბრამდე კი ალასანია საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. ამ თანამდებობიდან ალასანია იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადააყენა, ამის მიზეზად კი ალასანიას "უპასუხისმგებლო განცხადება" მოიყვანა. თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და მის უწყებაში პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსზე შეტევად შეაფასა. ალასანიას გადადგომა ცნობილ "კაბელების საქმეს" უკავშირდება.
ცნობისათვის, 2006 წელს ირაკლი ალასანია იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში. ამ თანამდებობიდან 2008 წლის 4 დეკემბერს გადადგა. მისი განმარტებით, გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მისი და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძირეულად განსხვავებული ხედვა საქართველოს შიდა და სამხედრო განვითარების, მათ შორის, კონფლიქტების მოგვარების საკითხში.