საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ "რუსთავი 2"-ის დაკვეთით "ედისონ რისერჩის" ახალი კვლევ გამოქვეყნდა, სადაც ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს, თუმცა მცირე სხვაობით, 4%-ით უსწრებს სალომე ზურაბიშვილს, რასაც "ოცნებაში" არ ენდობიან და აცხადებენ, რომ ბოლო კვლევებიც აცდენილი იყო პირველი ტურის შედეგებს.
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, არითმეტიკულად ეს შედეგი, რომელიც "ედისონ რისერჩმა" დადო, ლოგიკურია, რადგან პირველი ტურის შემდეგ გაერთიანებულ ოპოზიციას "ევროპული საქართველო" შეუერთდა და მათი ელექტორატის ხმები დაემატა.
"მე არ ვიცი, რამადენად რეალურია ეს შედეგი, მაგრამ არითმეტიკულად ლოგიკურია, რადგან პირველი ტურის შემდეგ გაერთიანებულ ოპოზიციას "ევროპული საქართველო" შეუერთდა და მათი ელექტორატის ხმები დაემატა, რაც მათ მეტი აქტიურობის საფუძველს აძლევს," - უთხრა "რეზონანსს" პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა. " - რაც შეეხება "ოცნებას", ის თავისი კვლევებით ჩიხში შევიდა და ალბათ ახალ კვლევას ამიტომ არ აქვეყნებს.
"როგორ შეიძლება დასრულდეს მეორე ტური, არავინ იცის, მაგრამ ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, შექმნილ სიტუაციას ვერცერთი ვერ განმუხტავს.
ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში იქნება ერთი სცენარი, ზურაბიშვილის შემთხვევაში განვითარდება მეორე სცენარი, მაგრამ არცერთი სცენარი სახელმწიფოს განვითარებისთვის სასარგებლო არ იქნება.ვაშაძის შემთხვევაში იქნება მუდმივად პოლიტიური რყევები და სააკაშვილის გააქტიურება. სალომე ზურაბიშვილის შემხთვევაში მხართეძოზე წამოწოლა გაგრძელდება.
"პირადად მე დესტაბილიზაციის საფრთხეს ვერ ვხედავ და რატომ გვიხატავს აპოკალიფსურ სურათს ხელისუფლება, გაუგებარია. როგორც არ უნდა დასრულდეს არჩევნები ხელისუფლება არ იცვლება, მაგრამ "ოცნების" პრობლემა სააკაშვილი კი არის არა, თავად "ოცნებაა". თუ თვითონ ეშინიათ, წავიდნენ და თავისი შიშებით დედიკოებს ჩაეხუტონ, ჩვენ ნუ გვაშინებენ. მე არც მაშინ მეშინოდა მიშასი და არც ახლა მეშინია," - განაცხადა გია ხუხაშვილმა.