ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში, სადაც ძლიერ აფეთქებას დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა, სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
სინკარის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი 30 წლის სოფიო ყაველაშვილის და მისი 9 თვის ვაჟის ცხედრები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან, ჭიათურაში, მათ მშობლიურ სახლში უკვე გადაასვენეს.
ნანრევებში მოყოლილ დედა-შვილს მაშველები 6 საათის განმავლობაში ეძებდნენ. შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები გარინდულნი ელოდნენ, რომ პატარას განწურული ხმა მაინც გაეგოთ, თუმცა სამწუხაროდ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს.
სოფიო და მისი მეუღლე, დაახლოებით, 10 წელი ელოდნენ პატარას, სიხარული მათ სულ რამდენიმე თვის წინ ეწვიათ, თუმცა დედა-შვილის სიცოცხლე ხანმოკლე აღმოჩნდა.
ზემო ფონიჭალაში მცხოვრებლებმა ძლიერი აფეთქების ხმა გუშინ, 15 ნოემბერს დაახლოებით 11:00 საათზე გაიგეს - ბიძგები და აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ კერძო დასახლების ბინადრებიც დააფრთხო.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გამათბობელმა გამოიწვია. სპეციალისტების თქმით, აფეთქება მესამე სართულზე მოხდა, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო, რომ ქვემო და ზემო სართულებიც დაანგრია. მძიმედ დაშავდნენ მესამე სართულის ბინადრები - 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 8 წლის შვილიშვილი. საბედნიეროდ, მათ სამაშველო სამსახურმა დროზე მოუწრო და ე.წ. ამწე კალათით ჩამოუყვანა. სამივე მათგანი ექიმების 24 საათიანი დაკვირვების ქვეში, დამწვრობის ცენტრში გადის მკურნალობას. საბედნიეროდ, ამავე ოჯახის 4 წლის წევრი, აფეთქებას სრულიად უვნებელი გადაურჩა.
სამწუხაროდ, არ გაუმართლათ პატარა ნიკოლოზ ცერცვაძეს და მის დედიკოს, რომლებიც აფეთქების გამო მოგლეჯილი სინკარის ქვეშ მოყვნენ. ტრაგედიის დროს სოფიოს შვილთან ერთად ეძინა. მაშველებმა ცერცვაძეების მიერ ნაქირავები ბინის კარი ნაწილ-ნაწილ დაჭრეს და ბინაში ისე შევიდნენ.
"სოფო ყაველაშვილი და მისი მეუღლე ბავშვს წლების განმავლობაში ელოდნენ. ჩვენს კორპუსში ცოტა ხნის წინ ქირით გადმოვიდნენ. პატარა ნიკოლოზს ყველა თავზე დაფოფინებდა, უბედნიერესები იყვნენ, ბედნიერება კი დიდ უბედურებად ერთ წამში გადაიქცა. საშინელი დღეები დაგვიდგა"- ამბობს მეზობელი.