"ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს"

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, სიტუაციაში, რომელიც ქვეყანაში საარჩევნო კამპანიის დროს შეიქმნა, ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, გრიგოლ ვაშაძე თუ სალომე ზურაბიშვილი, ვერცეთრი ვერ შეძლებს მეორე მოწინააღმდეგე მხარის შემორიგებას.

"დღეს ჩვენ გვაქვს სიტუაცია, რაც იყო 2012 წელს, ოღონდ გაცვლილი როლებით, მაშინ ხელისუფლებაში იყო "ნაცმოძრაობა", დღეს კი "ოცნება". ეს ელექტორატი კი როგორც იყო გახლეჩილი ამ 6 წლის მანძილზე, დღესაც გახლეჩილია. ამიტომ, ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, ვაშაძე თუ ზურაბიშვილი, მეორე მოწინააღმდეგე მხარისთვის მიუღებელი იქნება. ვერცერთი ვერ შეძლებს მეორე მხარის შემორიგებას და სიტუაციის დარეგულირებას; მიუხედავად იმისა, რომ ელექტორატის ნეგატიური განწყობა პირადად ამ კანდიდატების მიმართ ნაკლებია, ქვეყანა "ნაცმოძრაობისა" და "ოცნების" მიმართ გაიყო.

"როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები არჩევნების შემდეგ, "ნაცმოძრაობის" მიერ მხრადაჭერილი კანდიდატის გაპრეზიდენტების შემთხვევაში პროცესები სასახლეში არ დარჩება და ქუჩაში გადაინაცვლებს. თავად ვაშაძემაც განაცხადა, რომ შეძლებს 50-100 ათასი კაცის ქუჩაში გამოყვანას. ანუ ის მზად არის გახდეს ოპოზიციის ხელმძღვანელი და კანონით მინიჭებულ ჩარჩოებში არ დარჩება. ეს პოლიტიკური ძალა კი ყველაფერს გამოიყენებს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს, მაგრამ ეს იქნება ქუჩის დახმარებით. სავარაუდოდ პროცესების გართულებას გაზაფხულისთვის უნდა ველოდოთ. სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში საპროტესტო ტალღა ალბათ შენარჩუნდება, მაგრამ ამ პროცესების ხელმძღვანელი ზურაბიშვილი არ იქნება. შერიგებაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ დესტაბილიზაციის საფრთხე რომ მოისპოს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კარგი გამოსავალი იქნებოდა, ვიდრე ორი წელი ლოდინი, რადგან ხელისუფლებას სჭირდება ხელახალი ლეგიტიმაცია" - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.