"ხალხს გააბრაზებენ და „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებს მობილიზებას გაუკეთებენ" - ელისაშვილი არჩევნების თარიღზე

მსგავსი რაღაცებით ხელისუფლება თავის უმწეობას ადასტურებს, ძალიან ეშინიათ და არ არიან დარწმუნებულები არჩევნების შედეგებში, - ამის შესახებ თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა, რითაც არჩევნების მეორე ტურის თარიღის დანიშვნას გამოეხმაურა.

ელისაშვილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ამით ხალხს უბრალოდ უფრო მეტად გააბრაზებს.

„ყველას გვახსოვს 2013 წელი, როცა სააკაშვილმა დანიშნა არჩევნები შუა კვირაში და მაშინ ბიძინა ივანიშვილი ძალიან აღშფოთებული იყო. ამის შემდეგ გავიდა 5 წელი და ზუსტად იგივეს აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. „ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი ცუდი გადაიღო „ნაციონალური მოძრაობისგან". ამიტომ ვამბობ, რომ „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა" ერთი და იგივეა, უბრალოდ სააკაშვილი უფრო მაღალია და ივანიშვილი დაბალი, მეტი განსხვავება მათ შორის არ არის. ცესკო არის ხელისუფლების დაქვემდებარებაში და სუს-ის ერთ-ერთი დეპარტამენტია ჩვეულებრივი. ეს ყველაფერი ქვეყნის პრობლემაა.

"ჩემი აზრით, ამით უბრალოდ ხალხს გააბრაზებენ და უფრო მობილიზებას გაუკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს. მსგავსი რაღაცეებით თავიანთ უმწეობას ადასტურებენ, რომ ძალიან ეშინიათ და არ არიან დარწმუნებულები", - განაცხადა ელისაშვილმა "ინტერპრესნიუსთან"

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს გაიმართება.