ნიკა გვარამიას პასუხი მამუკა მდინარაძეს

ნიკა გვარამიას პასუხი მამუკა მდინარაძეს

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „2020NEWS“-სთან აცხადებს, რომ არჩევნების წინა პერიოდში ტელევიზიას კანონით აქვს უფლება, ეთერში საპრეზიდენტო კანდიდატების ფასიანი და უფასო რეკლამა გავიდეს. გვარამია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერ მამუკა მდინარაძეს პასუხობს, რომელიც „რუსთავი 2“-ს კანონდარღვევაში ადანაშაულებს.

„რას ნიშნავს კანონს ვარღვევთ. საარჩევნო პერიოდია და ვუშვებთ პოლიტიკურ რეკლამას. მამუკა მდინარაძემ რატომ გადაწყვიტა, რომ კანონს ვარღვევთ. სალომე ზურაბიშვილმაც მოიტანა რეკლამა და იმასაც გავუშვებთ, რატომ არის ეს პრობლემატური, არ მესმის. ჩვენ გამოვიკვლიეთ ეს საკითხი სამართლებრივად და კომისიიდან მოწერილი წერილები გვაქვს, რის საფუძველზეც გავაკეთეთ ინტერპრეტაცია. თუ დაგვისაბუთებენ, რომ კანონს ვარღვევთ, ამაზე კომისია იმსჯელებს და ეს მდინარაძის კომპეტენციას აბსოლუტურად არ ეხება“, - განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, დღეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საგანგებოდ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "რუსთავი 2" კანონს და ეთიკას უხეშად არღვევს.

„რუსთავი 2“-მა საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევით განათავსა „ნაციონალური მოძრაობის“ ფასიანი და უფასო სარეკლამო რგოლები ეთერში. მოვუწოდებთ "ნაციონალური მოძრაობის" ტელევიზია "რუსთავი 2"-ს, ფორმალურად მაინც მოირგოს ტელევიზიის როლი და დაიცვას კანონის მოთხოვნები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან ასევე მიმართა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რეაგირება მოახდინონ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე.