„ხელისუფლებამ მეორე ტურის თარიღის დასახელება „ნაცმოძრაობას“ უნდა შესთავაზოს“

„ხელისუფლებამ მეორე ტურის თარიღის დასახელება „ნაცმოძრაობას“ უნდა შესთავაზოს“

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 19 ნოემბრამდე აქვს ვადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ზუსტი თარიღი გამოაცხადოს. საარჩევნო კოდექსიდან გამომდინარე, რეგულაციების მიხედვით, მეორე ტური 20 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე პერიოდში უნდა დაინიშნოს.

ბოლო წლებში დამკვიდრებული ერთგვარი ტრადიციის თანახმად, საქართველოში არჩევნები, როგორც წესი, კვირა დღეს იმართება. ზემოთ ხსენებულ დროის მონაკვეთში ორი კვირა დღეა - 25 ნოემბერი და 2 დეკემბერი. ამასთან, 25 ნოემბერი პანკისის სპეცოპერაციისას დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღეა, 2 დეკემბერი კი - ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის წლისთავი.

პარლამენტთან მიმდინარე შვილმოკლული მამების, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციის ფონზე, რამდენად იმოქმედებს ამ დღეებში ჩატარებული მეორე ტური ამომრჩევლის განწყობაზე, ამის შესახებ „რეზონანსი“ პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს გაესაუბრა.

„არ ვფიქრობ, რომ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება არჩევნების შედეგებზე. შეიძლება ვცდები, მაგრამ ამ თემაზე სპეკულირებით „ნაციონალური მოძრაობა“ იმაზე მეტს ვეღარ ამოქაჩავს, რაც ამოქაჩა. 

„ერთია გულწრფელი პროტესტი, რასაც ადგილი აქვს სალარიძისა და მაჩალიკაშვილის მხრიდან, და არის მეორე - ამ უბედურების პოლიტიკური მიზნით გამოყენება. „ქართულმა ოცნებამ“ კი ეს არჩევნები რომ მოიგოს, 200-300 ათასი ადამიანის მიყვანა უნდა შეძლოს საარჩევნო ყუთებთან. 

„თუ ხელისუფლებას უნდა, რომ დაძაბულობა მაინც შეამსუბუქოს, შეუძლია, „ნაცმოძრაობას“ შესთავაზოს, რომ მეორე ტურის ჩატარების დღე და რიცხვი მათ დაასახელონ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.