კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველო ოჯახში ძალადობისც კიდევ ერთ ფაქტს იძიებს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ინცინდენტს პოლიტიკური სარჩული აქვს. სოფელ ვეჯინში მცხოვრები გულნაზი ცანკაშვილი ამტკიცებს, რომ რძალმა და შვილმა მას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო სცემეს.
"ჩემმა რძალმა თავიდანვე იცოდა, რომ ხმას „ნაციონალებს“ არ მივცემდი. 40 ლარი მომიტანა და მითხრა, ეს ელმირამ (ელმირა ბეციაშვილი- ვეჯინის ამბულატორიის ექიმი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი) გამომატანა, აიღე და მაგათ დაუჭირე მხარიო, 40 ლარი კიდევ მე მომცაო. ფული არ გამოვართვი, ვუთხარი, მაგათ როგორ მივცე ხმა, ელმირასთან ამბულატორიაში მივედი ერთი წლის წინ და უარით გამომისტუმრა, არ გამსინჯა, ვისაც ირჩევ, იმათ გაგსინჯონ ისევო.
რძალმა რომ გაიგო, ხმა „ნაციონალებისთვის“ არ მიმიცია, გუშინ წინ ცემით მომკლა და დამკბინა. ეს პირველად არ მომხდარა, სამ დღეში ერთხელ მცემს. აქამდე თავს ვიკავებდი გახმაურებისგან, შვილშვილები მყავს და ვამბობდი, თავი მოეჭრებათ-მეთქი. გუშინ კი პოლიციაში წამოვედი და ვიჩივლე. ასეთი არაფერი გამიგია, შვილი და რძალი იმის გამო მკლავენ, „ქართული ოცნება“ რომ ავირჩიე“, - ამბობს გულნაზი ცანკაშვილი.
გულნაზი ცანკაშვილის შვილმა და რძალმა "სპექტრთან" აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. რაც შეეხება ამბულატორიის ექიმს ელმირა ბეციაშვილს, ის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ეს წინასაარჩევნოდ ვეჯინის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ მუხულშვილის მიერაა პროვოცირებული.