„მე საზღვარგერეთ გახლდით და სულ ორი საათია დავბრუნდი საქართველოში, ამიტომ დეტალურად არ გავცნობივარ ამ განცხადებას და შეფასებებისაგან თავს შევიკავებ, რადგან არ ვიცი საიდან მოუვიდა ეს აზრი იური მეჩითოვს, მაგრამ ეს ინფორმაცია არის სიყალბე და ტყუილი", - ასე გამოეხმაურა იური მეჩითოვის კომენტარს „ალ ჯაზირას" ეთერში 9 აპრილის შესახებ გასულ ფილმში ირაკლი მენაღარიშვილი, რომელიც 9 აპრილის მოვლენების დროს საქართველოს სსრ-ს ჯანდაცვის მინისტრი იყო.
„9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით არსებობს არაერთი გამოქვეყნებული მასალა გამოცემული ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებეზე და დაინტერესებულ პირებს თავისუფლად შეუძლიათ ამ მასალების ინტერენეტში მოძიებაც.
„რაც შეეხება ამ ინფორმაციას, ეს არის ტყუილი და სიყალბე. ამ ტრაგედიის დროს დაზარალებულთა შორის იყო ათობით ადამიანი, რომელთაც მიყენებული ჰქონდათ ჭრილობები ამ ცივი იარაღით, ანუ ნიჩბებით. ამგვარი ჭრილობის შედეგად გარდაცვალების ერთი შემთხვევა იყო, ეს იყო ახალგაზრდა მამაკაცი, გვარად ქვასროლიშვილი.
„სამწუხაროდ, ამ ფორმულირებით გაკეთებული განცხადებები ძალიან ჰგავს 9 აპრილის შემდეგ საბჭოთა კავშირის საინფორმაციო საშუალებების მიერ გაკეთებულ განცხადებებს - რომ არ ყოფილა არავითარი ძალადობა, დაშლისას მოხდა ჭყლეტა და მაშინ დაიღუპა ხალხი და ა.შ. ეს ყველაფერი არის მაშინდელი კლიშეები, რომელიც საბჭოთა პროპაგანდამ დაიწყო და თვეების განმავლობაში იცავდა საბჭოთა კავშირის სამხედრო სამედიცინო შესაბამისი სამსახურები", - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი მენაღარიშვილმა.