თეიმურაზ გორჯესტანი: ჩემს ჟურნალისტ მეგობრებს ვთხოვ, რომ გაავრცელონ ეს ინფორმაცია...

თეიმურაზ გორჯესტანი: ჩემს ჟურნალისტ მეგობრებს ვთხოვ, რომ გაავრცელონ ეს ინფორმაცია...

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებზე სოციალურ ქსელში, ხმოვანი შეტყობინების სახით მუქარა განხორციელდა.

„ბოლო დღეებში, კერძოდ 9, 10 და 11 ნოემბერს განხორციელდა ჩემი შვილების, თეიმურაზისა და ქეთევანის და პირადად ჩემს მიმართ, ესემეს და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლადაა გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა. გამოკვეთილად სხვადასხვა უხამსი სიტყვებით სამივეს მიმართულებით გაჟღერდა „შუბლს გაგიხვრეტთ, თქვენს სისხლს დავლევ“. მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები იდენტიფიცირებული პირები არიან, ყოფილი სამხედროები, დაკავშირებული თავისივე სტატუსებიდან გამომდინარე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის მეთაურებთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა სამართალდამცავ ორგანოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდა.

სალომე ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და მუქარის მუხლებით დაიწყო.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის შვილმა თეიმურაზ გორჯესტანმა შემდეგი სახის პოსტი გაავრცელა:

„ძვირფასო მეგობრებო, მე, დედაჩემმა და ჩემმა ჟურნალისტმა დამ არაერთხელ მივიღეთ სასიკვდილო მუქარის შემცველი გზავნილები. ამ სიტყვებზე კომენტარიც ზედმეტია: – „შუბლს გაგიხვრეტ“, „შენს სისხლს დავლევ“. ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა.

მათი ავტორები იდენტიფიცირებულნი არიან, როგორც ყოფილი სამხედრო ოფიცრები, რომლებიც მათი სოციალური ქსელის პროფილების მიხედვით დაკავშირებულნი არიან ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან. მსგავსი მუქარები არის ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ სისტემატური მცდელობებისა, რომ შექმნან სიძულვილის ატმოსფერო, დაძაბონ ვითარება საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

ეს არის ის, რის წინააღმდეგაც იბრძვის სალომე ზურაბიშვილი.

ჩემს ჟურნალისტ მეგობრებს ვთხოვ, რომ გაავრცელონ ეს ინფორმაცია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპასა და ამერიკაში“, –  წერს თეიმურაზ გორჯესტანი.