„ქართული ლეგიონის“ წევრები არავის დამუქრებიან, - მამუკა მამულაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე

„ქართული ლეგიონის“ წევრები არავის დამუქრებიან, - მამუკა მამულაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე

„ჩვენ წინააღმდეგი ვართ ყველანაირი ძალადობის. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ლეგიონის" წევრები არავის დამუქრებიან. ჩვენ, სამხედროებს ღირსება გვაქვს და არ მგონია, რომ ეს საერთოდ მართალი იყოს. თუ მართალია, გამოძიება უნდა დაიწყონ. უბრალოდ, უკრაინაში მყოფი მებრძოლები არ უნდა გახდნენ პოლიტიკური ბატალიების მსხვერპლნი", - აცხადებს უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველი დიმიტრი გაბუნიას ინფორმაციით, „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატსა და მისი ოჯახის წევრებს მუქარა შემცველი შეტყობინებები უკრაინაში მებრძოლი სამხედრო შენაერთების წევრმა გაუგზავნა.

„ქართული ლეგიონის" მეთაურის განცხადებით, თუკი მუქარა ნამდვილად განხორციელდა, გამოძიებულ უნდა იქნეს. რაც შეეხება, თავად პრეზიდენტობის კანდიდატს, მამულაშვილის დამოკიდებულება მის მიმართ კრიტიკულია და აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები მისთვის მიუღებელია.

„ეს ინფორმაცია მოვისმინე, მაგრამ როგორ ემუქრებიან ან რა საშუალებით და ვინ, ვერ გეტყვით. თუ აქვთ ინფორმაცია, ან ვინმემ დაურეკა, თუ ნამდვილად იყო რაიმე სერიოზული მუქარა, მისი გამოძიება სამართალდამცავების პრეპოგატივას წარმოადგენს.

„მე, როგორც „ლეგიონის" მეთაური, მითითებას ვერ მივცემ, თუ ვის უნდა მისცენ ხმა. ეს ნებისმიერი მოქალაქის პირადი გადაწყვეტილებაა. იმაში ერთსულოვნები ვართ, რომ ადამიანმა, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი მოიხსენია, როგორც განგრენა და მეზობელი ქვეყნები, ასეთი ადამიანისთვის ხმის მიცემა ჩვენთვის მიუღებელია.

„ჩვენ ვიბრძვით საქართველოს ინტერესებისთვის და როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელმაც ჩემი ქვეყანა უნდა მართოს, საქართველოს იმ ნაწილზე, რომლისთვისაც მე სისხლი მაქვს დაღვრილი, ამბობს, რომ ეს მეზობელი ქვეყანაა, რა თქმა უნდა, მიუღებელია. მე პირადად არავითარ შემთხვევაში ზურაბიშვილს ხმას არ მივცემ," - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.