საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მხარდამჭერები ადამიანების უბედურებით სპეკულირებენ. კობახიძემ ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის დედის გადაცემა "ნანუკას შოუში" სტუმრობის შესახებ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.
"ამას წინათ, გადაცემა იყო „რუსთავი 2“-ზე, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ტელევიზიაში. ერთ-ერთ აქტივისტსა და ჟურნალისტს, ნანა ჟორჟოლიანს მიჰყავდა გადაცემა და მან მოიწვია ეთერში ერთ-ერთი ბრალდებულის დედა. საქმე ეხება ამერიკელების მკვლელობას. სამი ადამიანი, ბავშვი და ცოლ-ქმარი მოკლეს ხადას ხეობაში. ნანა ჟორჟოლიანს ჰყავდა მიწვეული ბრალდებულის დედა და დასასრულს, მან ბრალდებულის დედას გამძლეობა უსურვა სიმართლის დამტკიცებისთვის ბრძოლაში. აი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე. არ შეიძლება ყველაფრით სპეკულირება, არ შეიძლება სპეკულირება, მაშინ როდესაც ვიღაც კლავს ამერიკელ ცოლ-ქმარს და მის არასრულწლოვან ბავშვს. არ შეიძლება სპეკულირება შვილმკვდარი მამების უბედურებით. ეს არის უბედური სახე „ნაციონალური მოძრაობის“. არ მინდა მომავალში ამ სახის წარმოდგენაც კი. ეს არის ნანა ჟორჟოლიანის და „ნაციონალური მოძრაობის“ სახე და მინდა, ძალიან კარგად ჩაიხედოთ სარკეში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბიურის სხდომაზე.
ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა კი პარლამენტის თავმჯდომარეს ირონიული პოსტით უპასუხა: "რომ არ ვიცოდე ირაკლი კობახიძის პირად ცხოვრებაში რაც ხდება, ჩავთვლიდი რომ ვუყვარვარ. ასე, არხი არ მაპიარებს", - წერს ჟორჟოლიანი.