ეკა ბეჟანიშვილის დედა: „უფლება რომ მქონდეს, იური მეჩითოვს დავხრეტდი“

ეკა ბეჟანიშვილის დედა: „უფლება რომ მქონდეს, იური მეჩითოვს დავხრეტდი“

9 აპრილის დარბევისას მოკლული 16 წლის ეკა ბეჟანიშვილის დედის, ლალი ყანჩაველის განცხადებით, უფლება რომ ჰქონდეს, იური მეჩითოვს დახვრეტდა. 

როგორც მან „2020NEWS“ -თან საუბარში განაცხადა, მეჩითოვის განცხადება, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. 

"მეჩითოვის განცხადებებს ვერ ავყვები. ყველამ ძალიან კარგად იცის, 9 აპრილს რაც მოხდა და სად დაიგეგმა. რა ვქნა? რა ვთქვა ახლა? - ასეთი განცხადებები უნდათ, რომ ამ საარჩევნოდ გამოიყენონ. მე ძალა აღარ შემწევს.  9 აპრილის მოვლენების შემდეგ, 30 წელია ფეხზე არ გამივლია.  უფლება რომ მქონდეს, იური მეჩითოვს დავხრეტავდი. ახლა რომ გამოვიდე მე, რამეს იზამენ? - 30 წელია არაფერი გაუკეთებიათ. მარტო ერთმანეთს ებრძვიან. ამ წინასაარჩევნოდ, ვიღაცას, რაღაცის გამოყენება უნდა და მე რატომ უნდა ჩავერიო, შვილს გამიცოცხლებენ თუ რა?!“ - განუცხადა „2020NEWS“-ს ლალი ყანჩაველმა. 

შეგახსენებთ, რომ „ალ ჯაზირას“ მიერ მომზადებულ ფილმში, ფოტოგრაფმა და კულტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილე იური მეჩითოვმა განაცხადა, რომ 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის სადამსჯელო რაზმებს  რუსთაველის გამზირზე ნიჩბებით არავინ დაუჩეხავთ და ხალხი ასფიქსიით გარდაიცვალა.