“მეჩითოვს სიმპათიები აქვს საბჭოთა კავშირის და რუსეთის მიმართ“

“მეჩითოვს სიმპათიები აქვს საბჭოთა კავშირის და რუსეთის მიმართ“

„მეჩითოვი არ ადანაშაულებს იმას, ვინც დამნაშავეა, თუმცა ეს მე პირველად არ მომისმენია მისგან; მეჩითოვი ამართლებს რუსეთს, - მას გარკვეული სიმპათიები აქვს საბჭოთა კავშირისა და რუსეთის მიმართ. იგი ვერ ხედავს იმ ფაქტს, რომ ეს ქვეყანა დამნაშავეა, მაგრამ სინამდვილეში ჩვენთვის ძალიან ცუდი მეზობელია, - არის ოკუპანტის, წაგვართვა მიწები, 9 აპრილს ხალხი დახოცა," - ფოტოგრაფის, იური მეჩითოვის სკანდალურ განცხადებას, „რეზონანსთან" საუბრისას მომღერალი ირმა სოხაძე აფასებს.

ფოტოგრაფ იური მეჩითოვის 10 ნოემბერს ტელეკომპანია "ალჯაზირასთვის" მიცემულ ინტერვიუს საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მეჩითოვის განცხადებით, 9 აპრილი იყო აქციის მონაწილეების მიერ განხორციელებული „კრიმინალური აქტი" და მიზანს ძალაუფლების ხელში ჩაგდება წარმოადგენდა. მისი თქმით, იმ დღეს ხალხი არ დაუხოცავთ; ზოგი ჭლეტის დროს გარდაიცვალა, ზოგი კი, - ასფიქსიით.

მეჩითოვი საბჭოთა კავშირის მიმართ აშკარა სიმპათიას გამოხატავს და აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, რადგან საბჭოთა კავშირის დროს „ხალხი ბედნიერი იყო."

ირმა სოხაძე: გინება ეთერში, მგონი არ არის აუცილებელი იმის დასადგენად, რომ ეს კაცი ცდება. პირად საუბრებში ხშირად მითქვამს ბატონი იურისთვის, რომ არ შეიძლება ასეთი არაობიექტური იყო და რეალობას ვერ ხვდებოდე.

საქართველოს ისტორიაში ეს ყველაზე დიდი და წმინდა დღე იყო, როდესაც დავიწყეთ დამოუკიდებლობის დაბრუნება. ამის კრიმინალურ შემთხვევად მონათვლა, სიბეცეა, ძალიან დიდი შეცდომაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ იურის ძალიან უყვარს საქართველო.

„რეზონანსი": არის თუ არა მეჩითოვის ინტერვიუ სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართულად?

ი.ს: როგორ შეიძლება ვიღაცა ერთეული ადამიანების განცხადება სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოდ მივიჩნიოთ? პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის განცხადებაც არ შეიძლება მივიჩნიოთ სახელმწიფოსთვის დამღუპველად. ეს შეიძლება მივიჩნიოთ თითოეული ადამიანის აზრად.

როგორ შეიძლება ამან სახელმწიფოებრივად საქართველოზე იმოქმედოს? ცალკე აღებული პერსონა ვინ არის ასეთი გავლენების მქონე მსოფლიოში, რომ ერთმა რაღაც ინტერვიუმ იმოქმედოს. რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ ასეთი უარყოფითი შედეგის მოტანა არ შეუძლია.

მეჩითოვის ამოცანაც არ ყოფილა, რომ საქართველო დაეღუპა. ის ასე ხედავს. მან ძალიან ცუდი რაღაც თქვა. ნამდვილად არ ეკადრება საჯარო ასპარეზზე ასე ლაპარაკი, რადგან ასე არ ვარგა, თუმცა ეს განცხადება საქართველოსა და მის დამოუკიდებლობას ვერაფერს დაუშავებს.