ეკონომიკის დოქტორის, ჰარვარდის ბიზნესსკოლის აფილირებულმა ლექტორმა ვახტანგ ჭარაიამ "იმედი LIVE"-ის ეთერში განმარტა, თუ როგორ არის შესაძლებელი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირების შესრულება. საუბარია პენსიის 400 ლარამდე გაზრდაზე.
ეკონომიკის სპეციალისტის თქმით, საქართველოს ბიუჯეტს, 200-ლარიანი პენსიის გასაცემად (რომელიც 2019 წლიდან იქნება), 1 925 000 000 ლარი სჭირდება, რაც შემდეგი წლის ბიუჯეტშიც წერია.
"იმისთვის, რომ ჩვენ 400-ლარიანი პენსიის გაცემა შევძლოთ, გვჭირდება ამ თანხის გაორმაგება. ბიუჯეტი კი ჯამში 13 მილიარდი ლარია. დავარმგვალებ, რომ მარტივი იყოს - 13 მილიარდიდან დაახლოებით 2 მილიარდი 200-ლარიან პენსიას სჭირდება. 400-ლარიან პენსიანს ორი ამდენი დასჭირდება. ამ თანხის მობილიზება კი ფიზიკურად შეუძლებელია", - ამბობს ვახტანგ ჭარაია.
ჭარაიას განმარტებით, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულებიდან, (ექიმების, მასწავლებლების, ჯარისკაცების... მინისტრებისა და მისი მოადგილეების ჩათვლით) ყველას ხელფასი რომ დავითვალოთ, ჯამში გამოდის 1 880 000 000 ლარი, რაც ჭარაიას თქმით დაახლოებით 45 მილიონი ლარით ნაკლებია ვიდრე ბიუჯეტს პენსიების გაორმაგებისთვის სჭირდება.
"საუბარია რაზე, რომ ასეულობით ათასი ადამიანი, რომელიც სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული, უნდა გავუშვათ სახლში და მაინც არ ეყოფა დაზოგილი თანხა პენსიის 400 ლარამდე გაზრდას", - თქვა ეკონომიკის დოქტორმა.
ეკონომიკის სპეციალისტმა ისიც თქვა, თუ როგორ შეუძლია ნაციონალურ მოძრაობას 400-ლარიან პენსიაზე საარჩევნო დაპირების შესრულება:
"ფული უნდა დაბეჭდონ და 400 კი არა 5000 უნდა დაურიგონ. მაგრამ თუ ჩვენი ვალუტის კუპონიზაცია გვინდა, გვინდა რომ პური ღირდეს 2 ან 3 მილიონი კუპონი, მაშინ დავბეჭდოთ ეს ფული. ეს დაპირება შეუსრულებელია, და რომც შევასრულოთ რაღაც ტრიუკებით, მომხმარებელს რომელსაც ამ თანხას მივცემთ, მიიღებს უფრო ნაკლებს, ვიდრე დღეს აქვს", - თქვა ვახტანგ ჭარაიამ.
ამასთან, ეკონომიკის დოქტორმა მოიყვანა გაეროს კვლევის მონაცემები, რომლის თანახმადაც, საქართველოში 2030 წლამდე პენსიონერთა რაოდენობა მუდმივად მზარდია:
"დღევანდელი 700 000-იდან მილიონს მიაღწევს. სულ, რომ პენსიონერებს პენსია არ გავუზარდოთ, სახელმწიფო ბიუჯეტზე ტვირთი ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება", - განმარტა ვახტანგ ჭარაიამ.