თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სრულიად წარმოუდგენელი და გაუგებარია, ვინ მოიფიქრა შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშნის დასმა შვილმკვდარ მამასა და საახალწლო ნაძვის ხეს შორის, - ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თბილისის მერის თქმით, აქციის მონაწილეებს უფლება აქვთ, მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ იქ, სადაც და რა ფორმითაც სურთ, ამის აკრძალვა ან დაშვება მერიის პრეროგატივა არასდროს ყოფილა.
ამასთან, კახა კალაძემ ბრიფინგზე ზაზა სარალიძისა და მერიის მიმოწერაც წარმოადგინა. დედაქალაქის მერის თქმით, თბილისის მერიის პასუხში საუბარია იმაზე, რომ ნაძვის ხის ანთების ცერემონია 15 დეკემბერს იმართება. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 15 დეკემბერს დაგეგმილ მოვლენას გუშინ ღამით მომხდარ ინციდენტთან კავშირი არ აქვს.